ალაბამას შტატში გუშინ სენატის რიგგარეშე არჩევნები გაიმართა. არჩევნებში დემოკრატმა კანდიდატმა დაგ ჯონსმა გაიმარჯვა.
ალაბამა ტრადიციულად რესპუბლიკური შტატია და ჯონსი ბოლო 25 წლის განმავლობაში პირველი დემოკრატი სენატორი გახდება ამ შტატიდან.
რესპუბლიკელ როი მურს საბოლოო დამარცხება არ უღიარებია და თქვა, რომ ეს „ჯერ კიდევ არაა დასასრული“. მისი კამპანიის წარმომადგენლები ხმების ხელახალი დათვლის ალბათობაზეც მიუთითებდნენ. თუმცა პრეზიდენტმა ტრამპმა „ტვიტერზე“ ჯონსის გამარჯვება აღიარა და თქვა, რომ რესპუბლიკელებს ძალიან მალე კიდევ მიეცემათ შანსი.
დემოკრატმა კანდიდატმა მცირე უპირატესობით გაიმარჯვა. ჯონსმა ხმების 49.9% მიიღო, მურმა კი - 48.4%. მიუხედავად ამისა, ჯონსის გამარჯვება ნიშნავს, რომ რესპუბლიკელებს სენატში გადაწყვეტილებების გატანა კიდევ უფრო გაუჭირდებათ.
წინასაარჩევნო კამპანიის დროს პრეზიდნეტმა დონალდ ტრამპმა ჯონსის რესპუბლიკელ მოწინააღმდეგეს, როი მურს მტკიცე მხარდაჭერა არაერთხელ გამოუცხადა, მიუხედავად იმისა, რომ მური სექსუალურ შევიწროვებასთან დაკავშირებულ რამდენიმე სკანდალში იყო გახვეული. შემთხვევები სავარაუდოდ 30-ზე მეტი წლის წინ მოხდა.