უკრაინის დონეცკის ოლქის ქალაქ მარიუპოლის გარშემო, რუსეთმა დამცავი ნაგებობების მშენებლობა დაიწყო. სამხედრო დაზვერვის მონაცემებზე დაყრდნობით, ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტრო იუწყება. უწყების ინფორმაციით, დამცავი ნაგებობებისთვის, ორი ქარხანა პირამიდის ფორმის, ბეტონის ტანკსაწინააღმდეგო ბარიერებს აწარმოებს, რომლებსაც „დრაკონის კბილებს“ უწოდებენ.
ბრიტანული დაზვერვის თანახმად, ეს კონსტრუქციები, როგორც ჩანს, უკვე განათავსეს მარიუპოლსა და სოფელ ნიკოლოსკოეს შორის, ასევე, მარიუპოლის ჩრდილოეთ ნაწილიდან, სოფელ ძველ ყირიმამდე. რუსეთი „დრაკონის კბილებით“ თავდაცვას ამზადებს ოკუპირებულ ზაპოროჟიესა და ხერსონშიც.
ბრიტანული დაზვერვის მონაცემებით, რუსეთი თავდაცვის ხაზებს ამყარებს უკრაინის ყველა ოკუპირებულ რაიონში. ამ კონტექსტში მოყვანილია კერძო სამხედრო კომპანიის, „ვაგნერის“ მფლობელ ევგენი პრიგოჟინის მიერ 19 ოქტომბერს გაკეთებული განცხადებაც, რომ ლუჰანსკის ოლქში „ვაგნერის გაძლიერებული ხაზის“ მშენებლობა დაიწყო.
გაერთიანებული სამეფოს სამხედრო დაზვერვის შეფასებით, ეს აქტივობა მიუთითებს, რომ რუსეთი მნიშვნელოვან ძალისხმევას მიმართავს ფრონტის ხაზის საკუთარ მხარეს თავდაცვისთვის, რათა გარღვევის შემთხვევაში, აღკვეთოს უკრაინის ქვედანაყოფების სწრაფი წინსვლა.