რეკორდული ყინვის გამო ამერიკაში მსხვერპლი იზრდება

ბრუკლინი, ნიუ-იორკი

ოფიციალური მონაცემებით, უჩვეულო ყინვების გამო დაღუპულთა რიცხვმა, ამერიკაში 11-ს მიაღწია. მთელ რიგ შტატებში ყინვა ცელციუსით -30 გრადუსიდან -44 გრადუსამდე მერყეობს. ზოგან ქარის გათვალისწინებით, კიდევ უფრო ცივა. სპეციალისტები ამბობენ, რომ ასეთ ამინდში გარეთ გასვლა რამდენიმე წუთითაც კი სახიფათოა.

ილინოისის შტატში დღეს -36 გრადუსი დაფიქსირდა, ოთხშაბათს მინესოტაში -44 გრადუსი იყო, აიოვაში კი -46. 100-მდე საგრაფოში ფოსტის მიწოდება შეჩერებულია. ბევრგან გაუქმებულია სატრანსპორტო მიმოსვლა, მატარებლების და თვითმფრინავების ჩათვლით.

დენზე გაზრდილი მოთხოვნის გამო, ვისკონსინის და აიოვის შტატების რამდენიმე რეგიონში ელექტროენერგიის მიწოდება შეფერხდა. მშრომელებისთვის შექმნილი რისკის თავიდან ასაცილებლად, დეტროიტში მანქანათმწარმოებელი ქარხნები დაკეტეს.

ვისკონსინში და მიჩიგანში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა. სამთავრობო ოფისები დახურულია. ოფიციალური წყაროების მიხედვით, ტემპერატურა დღეს ქვეყნის 85 პროცენტში მინუსებში გადავიდა.

რეკორდულ ყინვებს სინოპტიკოსები უჩვეულო სიმხურვალეს მიაწერენ, რომელმაც ჩრდილოეთ აფრიკის უდაბნოს თავზე იფეთქა. შემდეგ ის ჩრდილოეთ პოლუსზე შეიჭრა და ცივი ციკლონი ჩრდილოეთიდან სამხრეთისკენ, ამერიკის კონტინენტის ჩრდილოეთ ნაწილში გამოდევნა.

ცუდი ამინდი დავიწყებას მალე მიეცემა. სინოპტიკოსები ორიოდ დღეში დათბობას გვპირდებიან და ამბობენ, რომ კვირას და ორშაბათს ტემპერატურა ისევ პლიუსებში დაბრუნდება.

იხილეთ ფოტოგალერეა

არქტიკული შტორმი ამერიკის შეერთებულ შტატებში - პირველი ფოტოები