მილიარდერი ექსპრემიერი ჩეხეთის სასამართლოს წინაშე წარდგა

ანდრეი ბაბიში, ჩეხეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრი

დღეს ჩეხეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრი ანდრეი ბაბიში პრაღაში მიმდინარე სასამართლო პროცესზე დასმულ კითხვებს პასუხობდა. მას თანამდებობაზე ყოფნის დროს, ევროკავშირის მიერ სუბსიდირებული 2 მილიონი ევროს არამიზანმიმართულ განკარგვაში ედება ბრალი.

ბაბიში ქვეყნის ყველაზე მდიდარ ადამიანთა ხუთეულში შედის. მილიარდერი ბიზნესმენი "ფორბსის" სიაშიცაა შეყვანილი. ის ჩეხეთში ქიმიურ, სასოფლო-სამეურნეო, საკვების და მედიის იმპერიებს ფლობს.

ჩეხი პროკურორები ფიქრობენ, რომ ბაბიშმა ევროკავშირის თანხები პრაღის მახლობლად საკონფერენციო ცენტრის აშენებას მოახმარა. ამ საქმისგან დამოუკიდებლად, ევროკომისია ინტერესთა კონფლიქტის საქმეს სწავლობს. პრემიერობის პერიოდში, ბაბიში უმსხვილეს სამთავრობო პროექტებს აძლევდა საკუთარ კომპანიას "აგროფესტი", რომელიც ერთ-ერთი უდიდესია ჩეხეთში და 30 000-ზე მეტი ადამიანი ჰყავს დასაქმებული.

ყოფილი პრემიერი ბრალდებებს უარყოფს და აცხადებს, რომ მიმდინარე სასამართლო პროცესი პოლიტიკურადაა მოტივირებული. 68 წლის ბაბიში საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერია და მომავალ საპრეზიდენტო არჩევნებშიც გეგმავს მონაწილეობის მიღებას.

ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, ბაბიშს შესაძლოა თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯონ. სასამართლო პროცესი სავარაუდოდ ოქტომბრის შუა რიცხვებამდე გაგრძელდება.