ინტერნეტის მომხმარებელთა რიცხვი უსწრაფესად იზრდება. დღეს მსოფლიოს მოსახლეობის ერთ მესამედს ინტერნეტზე ხელი უკვე მიუწვდება. კიბერნეტიკის ენაზე გლობალურ ვირტუალურ სახელმწიფოში, სახელწოდებით World Wide Web, რომელიც სიტყვა-სიტყვით მსოფლიო მასშტაბის ქსელს ნიშნავს, 2 მილიარდზე მეტი მოქალაქეა, რომელსაც ორგანიზაცია „რეპორტიორები საზღვრებს გარეშე“ „ნეტიზენებს“ უწოდებს. თუმცა, ისევე როგორც დედამიწაზე, ამ ახალ ვირტუალურ სამყაროში ყველას ერთნაირი უფლებები და თავისუფლებები არ გააჩნია.
დელფინ ჰალგანდი ორგანიზაციის „რეპორტიორები საზღვრებს გარეშე“ ვაშინგტონის ფილიალის დირექტორია:
„გასული წელი ისტორიაში იმ ნიშნითაც შევა, რომ ის ინტერნეტ-სივრცეში „ნეტიზენთა“ წინააღმდეგ განხორციელებული განსაკუთრებული ძალადობით აღინიშნა. აქტიური ჟურნალისტური მოღვაწეობისთვის 2011 წელს 5 ქსელური მოქალაქე მოკლეს და 200-მდე დააპატიმრეს. 2010 წელთან შედარებით ეს ვირტუალურ სამყაროში ძალადობის 30-პროცენტიანი ზრდის მაჩვენებელია“ - აღნიშნავს ის და დასძენს, რომ დღეისათვის 120 მათგანი ჯერ კიდევ სატუსაღოში იმყოფება. ამ ე.წ. „ნეტიზენთა“ დაპატიმრების მთავარი მიზეზი - ინტერნეტში მასალების გამოქვეყნებაა.
12 მარტს გამოცემულ ანგარიშში, რომელიც ორგანიზაციამ ინტერნეტის თავისუფლებას მიუძღვნა, 12 ქვეყანა „ინტერნეტის მტრად“ არის გამოცხადებული. ესენია: ბაჰრეინი, ბელარუსი, ბირმა, ჩინეთი, კუბა, ირანი, ჩრდილოეთ კორეა, საუდის არაბეთი, სირია, თურქმენეთი, უზბეკეთი და ვიეტნამი.
„ეს ქვეყნები კომბინირებულ ცენზურას ახორციელებენ, არამარტო შერჩეული წყაროებით ინფორმაციის ხელმისაწვდომობას ამცირებენ, არამედ ინტერნეტ-დისიდენტების თვალთვალსაც აწარმოებენ. ვფიქრობ, რომ ისინი ინტერნეტის მონიტორინგს გააგრძელებენ და მოპოვებულ მასალას ოპონენტების დასაპატიმრებლად კვლავაც გამოიყენებენ“ - ამბობს ორგანიზაცია „რეპორტიორები საზღვრებს გარეშე“ ვაშინგტონის ფილიალის დირექტორი.
ანგარიშში გამოცხადებულია დამატებით 14 ქვეყანა, რომელზეც ორგანიზაცია მეთვალყურეობას აწარმოებს. მათშიც ინტერნეტ-რეპრესიების და შეზღუდვების ნიშნები არსებობს, მაგრამ არა ისეთი ინტენსივობით, როგორც პირველ 12-ში. სამეთვალყურეო ქვეყნების სიაში არიან ისეთი ქვეყნები, რომლებიც ტრადიციულად დემოკრატიულად ითვლება. ასეთია მაგალითად საფრანგეთი და ავსტრალია. სიაში ასევე იმყოფებიან რუსეთი, თურქეთი და ინდოეთი.
ერთ-ერთი წყარო, რომლის მიხედვითაც ინტერნეტის შეზღუდვის დადგენა ხდება, არის გიგანტური საძიებო სისტემა „გუგლი“. „გუგლის“ ანგარიშის მიხედვით ინდოეთმა მას 67 მოთხოვნა წარუდგინა, რომლის გამოც დაახლოებით 282 საძიებო მასალა დაიბლოკა. მათ შორის „იუ-თუბის“ ვიდეოებიც იყო. „გუგლი“ იმასაც აღნიშნავს, რომ ის როგორც წესი მოთხოვნების 80 პროცენტს არ აკმაყოფილებს.
ადამიანთა უფლებების დაცვა ვირტუალურ სამყაროში გადაუდებელი ამოცანაა, აცხადებს შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი, ჰილარი კლინტონი. ინტერნეტ-თავისუფლების საკითხზე ის როგორც წესი ძალზე მგზნებარედ საუბრობს. ასეთი იყო მისი გამოსვლა 2011 წლის დეკემბერში ჰოლანდიაში გამართულ კონფერენციაზე, რომელიც ინტერნეტის თავისუფლებას მიეძღვნა.
“ინტერნეტი ადამიანთა ცხოვრების უფრო და უფრო მნიშვნელოვანი ასპექტი ხდება. ამიტომ ჩვენ მოვალენი ვართ ადამიანის უფლებები
ვირტუალურ სამყაროში ისევე დავიცვათ, როგორც რეალურში“ - განაცხადა ქალბატონმა კლინტონმა.
სპეციალისტების აზრით ინტერნეტის მომხმარებელთა რიცხვი შემდეგი ოცი წლის განმავლობაში გაორმაგდება. შესაბამისად სიტყვის თავისუფლების საკითხები ვირტუალურ სამყაროში კიდევ უფრო აქტუალური გახდება.