კუბელმა სამართალდამცველებმა 17 ადამიანი დააკავეს. ისინი ადამიანების ტრეფიკინგსა და ახალგაზრდა კუბელების რუსეთის ჯარში მოტყუებით გაგზავნაში არიან ბრალდებულები.
კუბამ კვირის დასაწყისში გაავრცელა ინფორმაცია, რომ ხელისუფლება მუშაობდა დანაშაულებრივი ქსელის „ნეიტრალიზაციაზე“. კუბის მთავრობის ინფორმაციით, კრიმინალების ქსელი მოქმედებდა როგორც მათთან, ისე რუსეთში.
"გამოძიების შედეგად, ამ დროისთვის 17 ადამიანი დააკავეს, მათ შორის ამ აქტივობების შიდა ორგანიზატორი", - თქვა კუბის შინაგან საქმეთა სამინისტროს პოლკოვნიკმა ცეზარ როდრიგესმა.
როდრიგესმა არ დაასახელა ბრალდებულთაგან არცერთის სახელი და გვარი, მაგრამ თქვა, რომ ჯგუფის ლიდერი ეყრდნობოდა კუნძულზე მცხოვრებ ორ ადამიანს. ისინი მას ეხმარებოდნენ კუბელების გადაბირებაში, რათა რუსეთის სახელით უკრაინაში ებრძოლათ.
ასევე ნახეთ: CIA რუს ოფიციალურ პირებს ამერიკის დაზვერვაზე მუშაობისკენ მოუწოდებსპროკურორმა ხოსე ლუის რეიესმა თქვა, რომ სკანდალში მონაწილე პირები შეიძლება დაისაჯონ 30 წლამდე თავისუფლების აღკვეთით, უვადო თავისუფლების აღკვეთით, ან სიკვდილით. განაჩენი მოსამართლემ დანაშაულის სიმძიმისა და ტიპის მიხედვით უნდა გამოიტანოს.
რუსეთი, რომელსაც ძლიერი პოლიტიკური კავშირები აქვს კომუნისტების მიერ მართულ კუბასთან, დიდი ხანია მნიშვნელოვანი თავშესაფარია კუბელი მიგრანტებისთვის, რომლებიც ცდილობენ თავი დააღწიონ ეკონომიკურ სტაგნაციას.
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა, გასულ წელს, ხელი მოაწერა განკარგულებას, რომლის თანახმადაც, უცხოელები, რომლებიც რუსულ ჯარში იმსახურებენ, რუსეთის მოქალაქეობას სწრაფი პროცედურის საშუალებით მიიღებენ.
ჰავანა აცხადებს, რომ არანაირი კავშირი არ აქვს უკრაინაში მიმდინარე ომთან და რომ ქვეყანა უარს ამბობს თავისი მოქალაქეების დაქირავებულ მეომრებად გამოყენებაზე.