ტანკერებზე გაჩენილი ხანძრის შემდეგ გადარჩენილი ათზე მეტი ადამიანი საავადმყოფოებშია გადაყვანილი. ეკიპაჟის 6 წევრი კი კვლავ შავ ზღვაში დაკარგულად მიიჩნევა.
ძლიერი ქარების გამო დაზარალებულთა სანაპიროზე გადაყვანა და სამედიცინო დახმარების გაწევა გართულდა, თუმცა საბოლოოდ ისინი ყირიმის სხვადასხვა საავადმყოფოში მაინც დამაკმაყოფილებელ მდგომარეობაში მიიყვანეს. ხანძარს სულ მცირე 14 მეზღვაური ემსხვერპლა.
ცეცხლი მაშინ გაჩნდა, როდესაც ტანზანიის დროშის ქვეშ მცურავი ერთი ტანკერიდან მეორეში გათხევადებული გაზი გადაჰქონდათ. ტანკერები ყირიმის ნახევარკუნძულიდან დაახლოებით 30 კმ-ით იყვნენ დაშორებულნი, როდესაც მათზე ხანძარი გაჩნდა. ეკიპაჟის წევრები იძულებულნი გახდნენ წყალში გადამხტარიყვნენ.
რუსეთის ხელისუფლების წარმომადგენლები აცხადებდნენ, რომ ეკიპაჟის 32 წევრიდან 12 -ის გადარჩენა მოახერხეს. ტანკერების ბორტზე ძირითადად თურქეთისა და ინდოეთის მოქალაქეები იმყოფებოდნენ. რუსულ მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ტანკერები თურქულ კომპანიას ეკუთვნოდა. ამ კომპანიას და მასთან მოთანამშრომლე სხვა კომპანიებს ამერიკამ 2015 წელს სირიაში საწვავის შეტანის გამო სანქციები დაუწესა.