კოვიდ19-ის პანდემიის გამო, მზარდი ინფიცირებულთა რაოდენობის გამო საქართველოს მთავრობამ ახალი შეზღუდვები დააწესა. შეზღუდვები 28 ნოემბრიდან - 31 იანვრამდე იმოქმედებს.
ახალი წესების მიხედვით იზღუდება:
- ყველა სახის გადაადგილება 21-საათიდან დილის 5 საათამდე - გამონაკლისი იქნება ახალი წლის და შობის ღამე (31 დეკემბერი და 6 იანვარი)
- საქალაქთაშორისო გადაყვანა, მათ შორის - რკინიგზით, ავტობუსით, სამარშრუტო ტაქსით
- იხურება კვების ობიექტები, რომლებიც მთლიანად მიტანის სერვისზე იმუშავებენ
- იხურება ფიტნეს დარბაზები
- კონფერენციის, ტრეინინგის, კულტურული, გასართობი ღონისძიებების ჩატარება ამ პერიოდში მხოლოდ ონლაინ ფორმატით არის დაშვებული
„იმედია იმის, რომ ჩვენ აღარ გვექნება სწრაფი ზრდა, შევაჩერებთ ამ სწრაფ ზრდას და მერე ის თანდათანობით დაიწყებს უკუსვლას და სადღაც იანვრის ბოლოსკენ დიდი ალბათობით შესაძლებელია რომ ჩამოვიდეთ სხვა მაჩვენებლებზე, რომელიც იქნება ვთქვათ, ორჯერ ნაკლები ან უფრო მეტად ნაკლები ვიდრე დღევანდელი ინფიცირების მაჩვენებელი არის,"- ამბობს ამირან გამყრელიძე და საზოგადოებას მოუწოდებს, დაიცვან დაწესებული შეზღუდვები, რადგან როგორც ის ამბობს, ვითარება ძალიან მძიმეა. ამირან გამყრელიძე ამბობს, რომ დაწესებული შეზღუდვები შედეგის გამოღებას 2 კვირის განმავლობაში დაიწყებს.
საქართველოს მთავრობის მიერ დიდ ქალაქებში დამატებითი შეზღუდვებია დაწესებული, რომელიც თბილისს, ქუთაისს, ბათუმს, რუსთავს, გორს, ფოთს, ზუგდიდს, თელავს და ზამთრის კურორტებს ბაკურიანს, გუდაურს და მესტიას ეხება.
28 ნოემბრიდან ამოქმედდება შემდეგი შეზღუდვები:
- შეიზღუდება მუნიციპალური ტრანსპორტის მუშაობა
- სავაჭრო ობიექტები მხდოლოდ დისტანციურ რეჟიმში იმუშავებს (შეზღუდვა არ ეხება სურსათის, ცხოველების საკვების, აფთიაქების ჰიგიენისა და საყოფაცხოვრებო ქიმიის, პრესის ჯიხურების მუშაობას)
- იხურება ღია და დახურული ბაზრობები
- სკოლები, უნივერსიტეტები და პროფესიული სასწავლებლები დისტანციურ რეჟიმზე გადადიან
- ამ პერიოდში არ იმუშავებს არც კერძო და არც საჯარო საბავშვო ბაღები
- სასტუმროების მუშაობა დასაშვებია მხოლოდ საკარანტინო სივრცეების მოსაწყობად
- ასევე, ჩერდება სათხილამურო ტრასებისა და სათხილამურო საბაგიროების ფუნქციონირება
საქართველოს მთავრობისა და ეპიდემიოლოგების მკაცრი რეკომენდაციაა, 70 წელს გადაცილებული ადამიანები დარჩნენ სახლში. კორონავირუსის პანდემიის დროს, მოწყვლად ჯგუფთან დაკავშირებით რეკომენდაცია პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ გაავრცელა.
მთავრობის მიერ დაწესებული შეზღუდვები შემსუბუქები 24 დეკემბერი - 2 იანვარის პერიოდში დროებით გაუქმდება სავაჭრო ცენტრებისთვის და დახურული ბაზრობებისთვის. აღდგება მუნიციპალური და საქალაქთაშორისო ტრანსპორტის მუშაობა.
3 იანვრიდან შეზღუდვები ძალაში ბრუნდება და ცხადდება უქმე დასვენების დღეები. არ მუშაობს საჯარო და კერძო დაწესებულება, გარდა ბანკებისა და სტრატეგიული მნიშვნელობის ობიექტებისა და სერვისებისა.
16 -31 იანვრის ფარგლებში აღდგება მუნიციპალური და საქალაქთაშორისო ტრანსპორტის მუშაობა, სავაჭრო ობიექტებისა და ღია და დახურული ბაზრობების მუშაობა (გარდა შაბათ-კვირისა). შაბათ-კვირას ტრანსპორტი, სავაჭრო ობიექტები და ბაზრობები აჩერებენ მუშაობას
„რა თქმა უნდა, იყო ინფექციის გავრცელების კოეფიციენტი თითოეული რეგიონთან და ქალაქთან მიმართებით, ასევე კლინიკების და იმ სასტუმროების საწოლფონდი, რომელსაც პაციენტების სამკურნალოდ ვიყენებთ, იქ არსებული საწოლფონდი და რეზერვი, რომლის მობილიზაციაც შესაძლებელი იყო, ასევე ოჯახის ექიმების გადანაწილება ქვეყნის მასშტაბით. მოსახლეობის სიმჭიდროვე, ოჯახებში სულადობა, ბიზენსის გადანაწილება და აქტივობა თითოეულ რეგიონში და ასაკობრივი ზღვარი,"- ამბობს საქართველოს ჯანდაცვის მინისტრი ეკა ტიკარაძე.
უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს ინფორმაციით, გასულ 24 საათში საქართველოში დადასტურდა კორონავირუსის 3 801 შემთხვევა. ეს წინა დღესთან შედარებით 730-ით მეტია. თებერვლიდან, როცა საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების პირველი ფაქტი დადასტურდა, სულ აღრიცხულია 118 690 შემთხვევა.