ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კოვიდ-19-ის თერაპიის რეკომენდაციებში ცვლილება შეიტანა. დღეს გამოქვეყნებული ცნობის მიხედვით, ჯანმო აღარ იძლევა გამოჯანმრთელებული ადამიანის სისხლის პლაზმის გადასხმის რეკომენდაციას მათთვის, ვისაც მწვავე სიმპტომები არ აქვს.
ახალი გზამკვლევის მიხედვით, პლაზმა შეიძლება გამოიყენებულ იქნას მხოლოდ კლინიკური გამოცდის დროს, მწვავე და კრიტიკულად მძიმე პაციენტებში. ეს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ გამოქვეყნებული კოვიდ-19-ის თერაპიის რიგით მე-7 განახლებაა.
ექსპერტთა დამოუკიდებელმა ჯგუფმა 16 შემთხვევითი შერჩევის მეთოდზე დაფუძნებული კვლევა შეაჯამა, რომლებშიც 16 200-ზე მეტი პაციენტი მონაწილეობდა. მათში არსებული მტკიცებულებების მიხედვით, პლაზმა არ აუმჯობესებს კოვიდ-19-ის მქონე პაციენტის მდგომარეობას, ვენტილაციის საჭიროებას, ან მისი გადარჩენის შანსებს.