საქართველოს მთავრობის ოფიციალური მონაცემებით, რომელიც ვებგვერდ www.stopcov.ge-ზეა განთავსებული, ქვეყანაში, ჯამში, კოვიდ-19-ით ინფიცირების 82 835 დადასტურებული შემთხვევაა გამოვლენილი, მათ შორის, გამოჯანმრთელდა 65 291 პაციენტი, 733 კი გარდაიცვალა. ამ ეტაპზე, კარანტინის რეჟიმშია 2 735 ადამიანი. სტაციონარში, მეთვალყურეობის ქვეშ რჩება 5 658 ადამიანი. ე.წ. კოვიდ სასტურმოებში კი 3 315 პირია განთავსებული.
ახალი კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევების მატების პარალერულად, საქართველოს მთავრობასთან არსებული ანტიკრიზისული ჯგუფი, შეზღიდვების ახალი ზომების ამოქმედებაზე სმჯელობს.
ასევე ნახეთ: 94,5% ექფექტიანობა - „მოდერნას“ ვაქცინა, პანდემიის დასრულების ახალი იმედიდაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი აცხადებს, რომ ამ დროისთვის, ვირუსის გავრცელების შესაზღუდად, სრული ჩაკეტვა არ განიხილება. თუმცა, ამირან გამყრელიძე ამბობს, რომ სერიოზული შემზღუდველი ზომების მიღება განიხილება, რომელთა ნაწილი ქვეყანაში უკვე მოქმედებს.
„მოგეხსენებათ, ქვეყანაში გარკვეული შეზღუდვები დაწესებულია და ეს შეზღუდვები კიდევ უფრო გამკაცრდება. საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე ამაზე მსჯელობა დღესაც იყო. ქვეყანაში მთელი რიგი შეზღუდვები კიდევ უფრო გამკაცრდება. თუ რაზეა საუბარი, ამაზე წინასწარ ვერ გეტყვით. მე ჩემს რეკომენდაციებს საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე ვაჟღერებ, იმიტომ, რომ საბჭო გადაწყვეტილებას შეთანხმებით იღებს.
ის, რაც განახორციელა ჩინეთმა ვუჰანში სამი თვის განმავლობაში, ასეთი სრული ჩაკეტვა არ განიხილება. განიხილება სერიოზული შემზღუდავი ღონისძიებები, რომელთა ნაწილი დაწესებულია და ნაწილი კიდევ უფრო გამკაცრდება. თუმცა, მარტო გამკაცრება მნიშვნელოვანი არ არის, მნიშვნელოვანია ამ დაწესებული შეზღუდვების აღსრულება. ერთ-ერთი მთავარი შემზღუდავი ღონისძიება არის პირბადის ყველგან ტარება“ - განაცხადა გამყრელიძემ საკოორდინაციო საბჭოს შეხვედრის შემდეგ.
შეზღუდვების აღსრულება
დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელი პირბადის ტარების მნიშვნელობაზე საუბრობს და „ვაშინგტონის ჯანმრთელობის გაზომვათა ინსტიტუტზე“ დაყრდნობით ამბობს, რომ პირბადის ტარების მაჩვენებელი 55-დან 60%-მდეა.
„თუ ჩვენ ამას 95%-მდე ავიყვანთ, მაშინ ინფიცირების ზრდა აღარ იქნება, პირიქით, ყოველდღიური ინფიცირება ქვემოთ წამოვა. ამიტომ, გარკვეული შეზღუდვების დაწესებას, რა თქმა უნდა, ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, მაგრამ უფრო დიდი მნიშვნელობა მისი აღასრულების კონტროლს“ - აცხადებს ამირან გამყრელიძე.
სახელმწიფოს რესურსი და გეგმები
ინფიცირების გაზრდილი მაჩვენებლის ფონზე, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია რა რესურსი აქვს ჯანდაცვის სისტემას და მაგალითად, რა ვერსიებს განიხილავს სახელმწიფო საავადმყოფოების გადატვირთის შემთხვევაში.
ასევე ნახეთ: ამერიკის შტატები შეზღუდვებს ამკაცრებენამირან გამყრელიძის ინფორმაციით, ინფიცირებულთა საავადმყოფოებში სამკურნალოდ 3000-მდე საწოლის მობილიზება ჯერ კიდევ შესაძლებელია. მისივე ინფორმაციით, ხელისუფლება, საკოორდინაციო საბჭო, ასევე განიხილავს საჭიროების შემთხვევაში, სხვადასხვა სივრცის საველე საავადმყოფოებად მოწყობას. ასეთ შემთხვევაში, სამკურნალოდ შესაძლოა მოეწყოს სპორტის სასახლე, საგამოფენო და სამხედრო სივრცეები.
„მიმდინარეობს განხილვა სხვადასხვა სივრცეების მობილიზებაზე. თუ ამის საჭიროება დადგა, ეს საკითხები განიხილება, მაგრამ ჯერჯერობით გადაწყვეტილება არ არის. ჯერჯერობით კიდევ 3000 საწოლის მობილიზება შესაძლებელია ქვეყანაში“ - აცხადებს გამყრელიძე.
რა შემთხვევაში არ დაჭირდება სახელმწიფოს დამატებითი სივრცეების საველე საავადმყოფოებად მოწყობა? გამყრელიზის თქმით, დამატებითი, ადაპტირებული სივრცეების მოწყობა საჭირო არ იქნება იმ შემთხვევაში, თუ ქვეყანა ინფიცირებულთა მხოლოდ 15-20%-ს მოათავსებს კლინიკებში.
სასუნთქი აპარატები
საქართველოს ჯანდაცვის მინისტრი აცხადებს, რომ ქვეყანას ამ ეტაპისთვის საჭირო რაოდენობის სასუნთქი აპარატები აქვს. მისი თქმით, მნიშვნელოვანია კლინიკებში მეტად ეფექტიანი მენეჯმენტი განხორციელდეს და ამ საკითხზე მუშაობა მიმდინარეობს.
ასევე ნახეთ: ქუთაისის კლინიკაში 102 წლის პაციენტმა კორონავირუსი დაამარცხა
„პრემიერთან ერთად, კლინიკური სექტორის წარმომადგენლებს შევხვდით და კლინიკებში უფრო მეტად ეფექტურ მენეჯმენტზე ვისაუბრეთ. ეს გულისხმობს შემდეგს - დღეს ქვეყნაში სასუნთქ აპარატზე დამოკიდებულია, დაახლოებით, 257 პაციენტი. ჟანგბადდამოკიდებულია 937 პაციენტი. დანარჩენი პაციენტების მდგომარეობა მსუბუქია. რეალურად, კლინიკებს შეუძლიათ დანარჩენი პაციენტები კოვიდსასტუმროებში გადაანაწილონ, სადაც ისინი მკურნალობას გააგრძელებენ. აქ ჩვენ საქმე გვაქვს მეტად უფრო არაეფექტურ მართვასთან, რასთან დაკავშირებითაც მათთან კონსულტაციები გავიარეთ და ამ საკითხებზე შევჯერდით. კლინიკები, თავიანთ დონეზე, მენეჯმენტს გააუჯობესებენ. სასუნთქი აპარატები და ჟანგბადით უზრუნველყოფილი საწოლები იმ პაციენტებისთვის იქნება მობილიზებული, ვისაც ეს ესაჭიროება“ - აცხადებს ეკატერინე ტიკარიძე.
მისი თქმით, ამჟამინდელი მონაცემებით, ქვეყანაში მობილიზებულია 1 040 სასუნთქი აპარატი და 3 400-მდე ჟანგბადით უზრუნველყოფილი საწოლი. მინისტრი ამბობს, რომ დაგეგმილია დამატებითი შესყიდვებიც.
მედპერსონალის ანაზღაურება
ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, უკვე ამოქმედდა მთავრობის დადგენილება, რომლის მიხედვითაც, კოვიდ-19-ის მართვაში ჩართულ მედპერსონალს, კლინიკებმა გაზრდილი ხელფასი უნდა გადაუხადონ. თუმცა, ასევე განმარტავს, რომ დადგენილების ძალაში შესვლის მიუხედავად, არ აქვს ინფორმაცია, გასცეს თუ არა სამედიცინო დაწესებულებებმა გაზრდილი ხელფასები, რადგან, მისი თქმით, საუბარია კერძო კლინიკებზე.
ასევე ნახეთ: პანდემიის ფონზე წითელას შემთხვევებმა განსაკუთრებით იმატა საქართველოში, უკრაინასა და ყაზახეთში„კოვიდის მართვაში ჩართული საწოლფონდის რაოდენობა გაიზარდა, თუმცა მიდგომა პერსონალის ანაზღაურებაში არ შეგვიცვლია. დავთვალეთ პერსონალის საბაზრო ანაზღაურება საათობრივ ჭრილში, რომელიც შეეხებოდა არა მხოლოდ ექიმებს, არამედ ექთნებს და დამხმარე პერსონალსაც. შესაბამისად, ყველა კლინიკა ვალდებულია, რომ მათი ხელფასები, დადგენილებით გაწერილი ტარიფით აანაზღაუროს. დადგენილება ამოქმედებულია. გასცეს თუ არა გაზრდილი ანაზღაურება, ეს კლინიკებს უნდა ჰკითხოთ. ნუ დაგავიწყდებათ, რომ ეს კერძო სექტორია“ - აცხადებს მინისტრი.
ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის მონაცემთა ბაზაზე დაყრდნობით, ამ დროისთვის, მსოფლიოში, ახალი კორონავირუსით ინფიცირების 54 518 771 და გარდაცვალების 1 319 267 შემთხვევა ფიქსირდება.