კვირების განმავლობაში კორონავირუსის ახალი ვარიანტის - ომიკრონის - სწრაფი გავრცელების გამო, ამერიკაში ბავშვების ჰოსპიტალიზაციის რიცხვი გაიზარდა. ჯანდაცვის სპეციალისტები შიშობენ, რომ 18 წლამდე აუცრელ მოქალაქეთა შორის ვირუსი განსაკუთრებით სწრაფად ვრცელდება.
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მონაცემებით, 21-27 დეკემბრის პერიოდში, კოვიდ-19-ის გამო ბავშვების ჰოსპიტალიზაციის საშუალო დღიური მაჩვენებელი წინა კვირასთან შედარებით 58% -ით იყო გაზრდილი. სხვა ასაკობრივ კატეგორიებში კი იგივე მაჩვენებელი დაახლოებით 19%-ია. ამერიკაში ახლა 18 წლამდე ასაკის 74 მილიონამდე მცხოვრებია და მათგან კოვიდ-19-ის წინააღმდეგ 25 %-ზე ნაკლებია აცრილი.
ომიკრონის გავრცელება მომდევნო კვირებში კიდევ უფრო მეტად მოსალოდნელია, რადგან საახალწლო არდადეგების შემდეგ, ბავშვები და მასწავლებლები სკოლებში დაბრუნდებიან.
ასევე ნახეთ: გამოავლენს თუ არა სწრაფი ტესტი ომიკრონს?ექიმები ამბობენ, რომ ჯერ კიდევ ადრეა იმის თქმა, იწვევს თუ არა ომიკრონი ბავშვებში უფრო მწვავე დაავადებას, ვიდრე სხვა ვარიანტები, მაგრამ მისი უკიდურესად ადვილი გადადება უმნიშვნელოვანესი ასპექტია იმისა, რომ ჰოსპიტალიზების მაჩვენებლები მაინც იზრდება.
"ეს ვარიანტი მეტ ადამიანს დააინფიცირებს. ჩვენ ვნახეთ მონაცემების ზრდა და ბავშვების ჰოსპიტალიზაციის რიცხვის ზრდაც", - ამბობს ჯენიფერ ნაიაკი, ინფექციურ დაავადებათა ექსპერტი და პედიატრი როჩესტერის სამედიცინო ცენტრიდან. ექიმ ნაიაკის თქმით, განსაკუთრებით დაუცველი 5 წლამდე ასაკის ბავშვები არიან, რომელთათვისაც ჯერ ვაქცინის გაკეთება არ არის ნებადართული.
ნიუ-იორკი ერთ-ერთი ის შტატია, სადაც მოსახლეობის უდიდესი ნაწილი აცრილია, თუმცა იქაც კი, 5-იდან 17 წლამდე ბავშვების მხოლოდ 40%-ია სრულად აცრილი. მაშინ, როდესაც შტატში ზრდასრული მოსახლეობის 80%-ია ვაქცინირებული.