მოსკოვის სასამართლომ "ნოვაია გაზეტა" დახურა

ორშაბათს, „ნოვაია გაზეტას“, რუსეთის ჯერ კიდევ შემორჩენილი რამდენიმე დამოუკიდებელი მედია საშუალებებიდან ერთ-ერთს, მედია ლიცენზია ჩამოართვეს და მუშაობა აუკრძალეს.

რუსეთის მედია მარეგულირებელმა „როსკომნადზორმა“ მას ბრალი დასდო, რომ 2006-ში მფლობელის შეცვლასთან დაკავშირებული დოკუმენტები არ წარმოადგინა.

მთავარმა რედაქტორმა დმიტრი მურატოვმა, რუსეთში კრიტიკული ჟურნალისტიკის შენარჩუნების ძალისხმევისთვის ნობელის მშვიდობის პრიზის ლაურეატმა, სასამართლოს წინ საუბრისას განაცხადა, რომ სასამართლოს გადაწყვეტილება „უმცირეს კანონიერ საფუძველს მოკლებული პოლიტიკური დარტყმა“ იყო. მან თქვა, რომ გაზეთი ამ გადაწყვეტილებას გაასაჩივრებს.

ასევე ნახეთ: რუს ნობელიანტ ჟურნალისტს თავს დაესხნენ

„ნოვაია გაზეტამ“ თავის განცხადებაში თქვა, რომ მოსკოვის ბასმანის საოლქო სასამართლომ, რომელიც პოლიტიკური დატვირთვის მქონე საქმეებს ხშირად განიხილავს, თავისი გადაწყვეტილებით „გაზეთი მოკლა, მის თანამშრომლებს ცხოვრების 30 წელი მოპარა და მკითხველებს ინფორმაციის მიღების უფლება წაართვა".

გაეროს ადამიანის უფლებების ოფისმა სასამართლოს გადაწყვეტილებას „რუსული მედიის დამოუკიდებლობაზე კიდევ ერთი დარტყმა“ უწოდა და მოსკოვს დაჟინებით მოუწოდა პრესის თავისუფლება დაიცვას.

„ნოვაია გაზეტამ“, რომელიც 1993 წელს დაარსების დღიდან რუსული მედიის ბასტიონი იყო, თავისი ნიშა შექმნა, როგორც ჟურნალისტური გამოძიების წამყვანმა გამოცემამ, მიუხედავად იმისა, რომ პრესის თავისუფლება თანდათან იზღუდებოდა. „ნოვაია გაზეტას“ დაფუძნება საბჭოთა კავშირის ყოფილი ლიდერის, აწ გარდაცვლილი მიხეილ გორბაჩოვის ნობელის მშვიდობის პრიზის ფულით დაფინანსდა.

მარტში გაზეთმა რუსეთში მუშაობა შეაჩერა, როდესაც უკრაინაში კონფლიქტის გაშუქებაზე მკაცრი ცენზურის კანონის დარღვევის გამო გაფრთხილება მიიღო. ამის შემდეგ რედაქციამ ევროპაში ონლაინ გამოცემა მოაწყო, რომლის მასალებიც რუსეთში იბლოკება.