კოსმოსის კვლევის ისტორიაში 2018 წელი მნიშვნელოვანი სიახლეებით შევიდა. ამერიკელებმა მარსზე მორიგი კოსმოსური ხომალდი დასვეს. ჩინეთმა რაკეტა მთვარეზე გაუშვა. ამერიკულმა კერძო კომპანიამ "სპეის-ექსი" რამდენიმე რეკორდი მოხსნა. ქართული "ჩაკრულო" ვარსკვლავთშორის სივრცეში გადავიდა. ნასას მისიამ ასტეროიდზე წყლის კვალი იპოვა. შეიძლება ითქვას, რომ კოსმოსის შესწავლის საქმეში გასული წელი დიდი წარმატებებით გამოირჩეოდა.
ამერიკული კერძო კომპანია "სპეის-ექსი"
"სამი, ორი, ერთი, სტარტი! "ფალკონ-9" აფრინდა"! კაცობრიობამ 2018 წელს კოსმოსისკენ კიდევ ერთი გიგანტური ნაბიჯი გადადგა. რაკეტების გაშვების მხრივ, ეს წელი რეკორდული გამოდგა ამერიკული კერძო კომპანია „სპეის-ექსისთვის“, რომელიც მილიარდერმა გამომგონებელმა და ფილანტროპმა ელონ მასკმა დააარსა.
„ფალკონ-9“ ერთ-ერთ რეისზე საერთაშოსისო კოსმოსურ სადგურზე გაფრინდა და მას სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ტვირთი მიაწოდა. 2018 წელს „სპეის-ექსმა“ კოსმოსში სულ 19 რაკეტა გაუშვა. მათ შორის ერთ-ერთი ბოლოს მისია შეერთებული შტატების ეროვნული უსაფრთხოების დაცვა გახლდათ.
კომპანიამ კიდევ ერთი საკუთარი რეკორდი მოხსნა: იგივე რაკეტა „ფალკონ 9“ „სპეის-ექსმა“ სამჯერ გაუშვა, რითაც კოსმოსში გაფრენა გაცილებით ეკონომიური გახადა. მომავალში დაგეგმილი კომერციული ფრენებისთვის, ელონ მასკს სურს, ბილეთი კოსმოსში 200 ათას დოლარზე მეტი არ ღირდეს.
საერთაშორისო კოსმოსური სადგური
2018 წელი მნიშვნელოვანი იყო საერთაშორისო კოსმოსური სადგურისთვის, რომელიც 20 წლის გახდა. კვლევით კონსორციუმში ამერიკასთან ერთად შედის კანადა, იაპონია, რუსეთი და 12-წევრიანი ევროპის კოსმოსური სააგენტო.
წელს საერთაშორისო კოსმოსური სადგურიდან არცთუ ისე სასიამოვნო იახლე შევიტყვეთ. თურმე, კოსმოსური საპირფარეშოდან და სპორტული ცენტრიდან აღებული ხუთივე ბაქტერიული შტამი ანტიბიოტიკების მიმართ რეზისტენტულია. ანუ, არსებობს 80 პროცენტი ალბათობა, რომ ის ადამიანებს დააავადებს.
ჩინეთი მთვარეზე
ცისკენ თვალი ჩინეთსაც უჭირავს და თან ძლიერად. ჩინეთმა მთვარეზე რაკეტა გაუშვეს და ის თანამგზავრზე იანვარში დაჯდება. ამასთან, ჩინელები მთვარის ყველაზე შეუსწავლელ ნაწილს გამოიკვლევენ.
საინტერესოა ის ფაქტი, რომ კამერებით აღჭურვილ რობოტს მთვარეზე აბრეშუმის ჭიის კვერცხები, კარტოფილის და მდოგვის თესლი მიაქვს, დასაკვირვებლად, როგორ გაიზრდებიან ისინი სუსტი მიზიდულობის ძალის პირობებში.
წყალი ასტერორიდზე
2018 წელს ნასას „ოზირის რექსმა“ 20 კილომეტრზე ჩაუფრინა ცათაბჯენის ზომის ასტეროიდს „ბენუს“. მეცნიერები ასტეროიდზე წყლის კვალის აღმოჩენამ გააოცა.
შეერთებული შტატების აერონავტიკის და კოსმოსური სივრცის კვლევის ეროვნული სააგენტოს მეცნიერები ასტეროიდის დედამიწასთან შეჯახების ალბათობასაც სწავლობენ. ეს შესაძლოა 150 წელში მოხდეს. ამბობენ, რომ შანსი 2 700-დან ერთია, მაგრამ ეს გამორიცხული არ არის და ნასას რისკების სიაში ეს ალბათობა რიგით მეორეა.
"ვოიჯერ-2" ქართული "ჩაკრულოთი"
1977 წელს ნასას მიერ გაშვებული „ვოიჯერ - 2“ ქართული „ჩაკრულოთი“, 2018 წელს ვარსკვლავთშორის სივრცეში გადავიდა. მან მზის ორბიტას თავი დააღწია და ჩვენგან ახლა 18 მილიარდ კილომეტრშია. იქიდან ინფორმაციის მიღებას დაახლოებით 16 საათი სჭირდება. ნასაში იმედოვნებენ, რომ „ვოიჯერი“ წარმატებულ მუშაობას, სულ ცოტა, შემდეგი 9 წლის მანძილზეც შეძლებს.
მორიგი მისია მარსზე
ნასამ 2018 წელს კიდევ ერთი გამარჯვება იზეიმა - მარსზე „ინსაითის“ დასმა. ორწლიანი მისია მზის სისტემაში დედამიწის ყველაზე ახლო ნათესავის შესწავლას შეუდგა. 6 თვის ფრენის და 550 მილიონი კილომეტრის გადალახვის შემდეგ, მარსზე დაჯდომიდან სულ რამდენიმე წუთში, „ინსაითმა“ დედამიწაზე პირველი ფოტოები გამოაგზავნა.
2019 - წარმატებული დასაწყისი
ახალი, 2019 წლის დადგომიდან სულ რაღაც ნახევარ საათში, კოსმოსის ისტორიაში მნიშვნელოვანი რამ მოხდა: ნასას კოსმოსური ზონდი New Horizons (ახალი ჰორიზონტები) პირველად მიუახლოვდა ყველაზე შორ კოსმოსურ ობიექტს, რომელიც ადამიანის ხელით შექმნილ აპარატს როდესმე შეუსწავლია. ობიექტის სახელია Ultima Thule (2014 MU69). ის 2014 წელს ტელესკოპ "ჰაბლით" იპოვეს.
კოსმოსის ათვისება და შორი მანძილიდან დედამიწის უკეთ შესწავლა გრძელდება. რას გვპირდება ამმხრივ 2019 წელი? წინა წლის შედეგებიდან და წარმატებული სტარტიდან გამომდინარე - ბევრ საინტერესო სიახლეს.