ჩინეთში კორონავირუსისგან პაციენტების 70% განიკურნა, ევროპასა და ირანში კი ახალი შემთხვევები მატულობს

ჩინეთის პრეზიდენტი სი ძინპინი ქალაქ ვუჰანში ჩავიდა. ეს პრეზიდენტის პირველი ვიზიტია ჰუბეის პროვინციის დედაქალაქში, სადაც კორონავირუსი დაიწყო და მთავრობის ინფორმაციით, 80 000 ადამიანი დაინფიცირდა, 3 100 კი გარდაიცვალა.

ჩინეთის სახელმწიფო მედია იუწყება, რომ სი სამედიცინო პერსონალს და პაციენტებს შეხვდა. ასევე შეამოწმა დაავადების გავრცელების შესაჩერებლად გატარებული ზომები.

ოფიციალურ პეკინის ინფორმაციით, ჩინეთში ახალი ინფიცირების შემთხვევები კლებულობს. იმ ფონზე, როცა მსოფლიოს სხვა ქვეყნებში ვირუსი სწრაფი ტემპით ვრცელდება, ბოლო ერთი დღის განმავლობაში ჩინეთში კორონავირუსით ინფიცირების 19 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ამასთან, ჩინეთში ინფიცირებულთა 70 პროცენტი უკვე გამოჯანმრთელდა.

სპეციალისტების აზრით, ვირუსის გავრცელების ტემპის შეჩერებას ჩინეთში დიდი ტერიტორიების კარანტინმა შეუწყო ხელი.

ასევე ნახეთ: 60.4 მილიონი ადამიანი კარანტინში - იტალიამ საზღვრები ჩაკეტა


იტალია, სადაც 9 ათასზე მეტი ადამიანია ინფიცირებული და დაახლოებით, 460 გარდაიცვალა, ახლა მსგავს ზომებს იღებს.

ირანის ოფიციალური პირების ინფორმაციით, კოვიდ-19-ის შედეგად სამშაბათს 54 ადამიანი გარდაიცვალა. ამით, ისლამურ რესპუბლიკაში გარდაცვლილთა რაოდენობა, სულ ცოტა, 291-მდე გაიზარდა.

ამ ფონზე, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია აცხადებს, რომ ვირუსის გავრცელების მასშტაბებიდან გამომდინარე, “პანდემიის საფრთხე ძალიან რეალური გახდა.” თუმცა, აქვე დასძენს, რომ მიღებული ზომების შედეგად, ეს შეიძლება “ისტორიაში ეს პირველი პანდემია იყოს, რომლიც კონტროლიც შესაძლებელი გახდა.”