ევროპის საზღვრები შესაძლოა სექტემბრამდე არ გაიხსნას 

ახალი კორონავირუსის პანდემიის გამო არ არის გამორიცხული, რომ ევროპის ქვეყნების საზღვრები სექტემბრამდე არ გაიხსნას. ამის შესახებ ვრცლად საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა ისაუბრა.

პრეზიდენტმა ეს განცხადება პროფესიული კავშირების ხელმძღვანელებთან ვიდეოკონფერენციის დროს გააკეთა. სტატიას ამის შესახებ, ფრანგულ მედიაზე დაყრდნობით, ფორბსი აქვეყნებს.

საუბრის დროს, საფრანგეთის პრეზიდენტმა ამერიკის შეერთებული შტატების მაგალითის შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ ქვეყანაში პანდემია დაგვიანებით განვითარდა და პიკი ჯერ არ არის.

საფრანგეთში, ოფიციალური მონაცემებით, ამ დროისთვის, ახალი კორონავირუსი 130 000-მდე ადამიანს დაუდასტურდა. გარდაცვლილია 13 000-ზე მეტი ადამიანი.

საფრანგეთში მოქმედ შეზღუდვებს ვადა 15 აპრილს ეწურება. თუმცა, ორშაბათს პრეზიდენტი მაკრონი მოსახლეობისადმი მიმართვას გეგმავს. არ არის გამორიცხული, რომ პრეზიდენტი ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობას გააგრძელებს.