საქართველოს საგანმანათლებლო დაწესებულებებში არდადეგები პირველ აპრილამდე გახანგრძლივდა. გადაწყვეტილება ამის შესახებ კორონავირუსთან დაკავშირებით მოქმედმა უწყებათაშორისმა საბჭომ მიიღო.
განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა განაცხადა, რომ უახლოეს დღეებში მოსწავლეებსა და სტუდენტებს აცნობებენ იმ გეგმის შესახებ, თუ როგორ უნდა გაგრძელდეს საგანმანათლებლო და აკადემიური პროცესი.
საქართველოში ამ დროისთვის კორონავირუსის 23 შემთხვევაა ოფიციალურად დადასტურებული. 298 ადამიანი კარანტინში იმყოფება, 46 კი სტაციონარული მეთვალყურეობის ქვეშაა.
დღესვე, "მთავარი არხის" საინფორმაციო სამსახურის უფროსის, ნოდარ მელაძის განცხადებით, მათი ჟურნალისტი, ირაკლი ვაჩიბერაძე კარანტინში მოათავსეს, რადგან მას ინფიცირებულ პირთან ჰქონდა შეხება.
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილეს პაატა იმნაძის თქმით, საქართველოში 12 მარტს შესაძლოა, კორონავირუსისგან განკურნების პირველი შემთხვევა დაფიქსირდეს. იმნაძემ ტელეკომპანია „მაესტროს“ ეთერში თქვა, რომ იმ ადამიანს, რომელიც საქართველოში ირანიდან შემოვიდა და ინფიცირების პირველი დადასტურებული შემთხვევა იყო, "დაავადების მსუბუქი მიმდინარეობა" ჰქონდა და მას სიმპტომები უკვე 2 დღეა აღარ აღენიშნება. და რადგან საინკუბაციო პერიოდიც უკვე გავიდა, საბოლოო ტესტების შემდეგ, ის შესაძლოა უახლოეს 24 საათში საავადმყოფოდან გაეწეროს.