ლონდონი კორონავირუსს "გარდაუვალ საფრთხედ" აცხადებს

ბრიტანეთში კორონავირუსის გავრცელების გამო, მთავრობამ ვირუსი ჯანდაცვის „სერიოზულ და გარდაუვალ“ საფრთხედ გამოაცხადა. დღევანდელი მონაცემებით, ბრიტანეთში 8 ადამიანია ინფიცირებული. განცხადება დღეს ჯანდაცვის მინისტრმა მეტ ჰენკოკმა გააკეთა. აღნიშნული სტატუსი მთავრობას ინფიცირებულთა იზოლაციისთვის და ვირუსის კონტროლისთვის მეტ ბერკეტს მისცემს.

ჩინეთში კორონავირუსით დაღუპულთა რაოდენობა უკვე 900-ს აჭარბებს. პეკინმა კვირას განაცხადა, რომ მათ სიას კვირას 97 ადამიანი დაემატა. ინფიცირებულთა რაოდენობაც გუშინ 3 062-ით გაიზარდა. ამ ფაქტმა ბოლო დღეებში ვირუსის გავრცელების შენელების ტენდენცია დრამატულად საპირისპირო მიმართულებით შეცვალა.

იაპონიის პორტში ისევ იზოლირებულია საკრუისო ლაინერი, რომელზეც ვირუსი ძალიან სწრაფად ვრცელდება. დღეს იქ ინფიცირებულთა რაოდენობა გაორმაგდა და 120-ს გადააჭარბა.

მიაღწია თუ არა პიკს ვირუსის გავრცელებამ, ამ კითხვაზე პასუხი ვერ გვექნება, ამბობს ჯოზეფ ეიზენბერგი, ეპიდემიოლოგიის პროფესორი მიჩიგანის უნივერსიტეტში. „იმის მიუხედავად, რომ ფიქსირებული შემთხვევები პიკს აღწევს, ჩვენ არ ვიცით, თუ რა ხდება დაუფიქსირებელი შემთხვევების მიმართულებით“ - ამბობს ის.

ჩინეთში სიკვდილიანობის მაჩვენებელმა უკვე გადააჭარბა მწვევე რესპირატორული სინდრომის (SARS) აფეთქებას. ოფიციალური ვერსიით, 2002-03 წლებში იქ 774 ადამიანი დაიღუპა, ინფიცირებულთა რაოდენობა კი 8,100-ზე მეტი იყო.