რუსეთში კორონავირუსით დაინფიცირებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამის განმავლობაში 10 581-ით გაიზარდა, გარდაცვალების შემთხვევებმა კი 76 შეადგინა. ოფიციალურ ინფორმაციაზე დაყრდნობით, ამით რუსეთის მასშტაბით დაინფიცირებულთა რაოდენობამ 145 268 შეადგინა, ხოლო გარდაცვლილთა რაოდენობა 1 356-ია.
ასევე ნახეთ: რუსეთში, მედიცინის მუშაკებისთვის ვირუსით ინფიცირების რისკები იზრდება
რუსეთი აცხადებს, რომ სიკვდილობის მაჩვენებელი რუსეთში გაცილებით დაბალია, ვიდრე სხვა ქვეყნებში. მთავრობა აცხადებს, რომ დაბალი სიკვდილობა იმას უკავშირდება, რომ რუსეთში ვირუსის გავრცელება გაცილებით გვიან დაიწყო, ვიდრე სხვაგან, რამაც ხელისუფლებას მომზადების საშუალება მისცა.
რუსეთში ნაწილობრივი შეზღუდვები მარტის ბოლოს შევიდა ძალაში. მოსკოვში, სადაც ვირუსი ყველაზე მეტადაა გავრცელებული, ადამიანებს უახლოეს მაღაზიასა და აფთიაქში სურსათისა და წამლების საყიდლად გასვლა შეუძლიათ. ასევე აქვთ უფლება გაასეირნონ ძაღლები. ყველა სხვა მიზეზისთვის ქუჩაში გასასვლელად, მათ სპეციალური საშვი სჭირდებათ.
ასევე ნახეთ: "ბატონო პრეზიდენტო კორონავირუსი დამიდასტურდა,"- მიშუსტინი პუტინს მიმართავს
მოსკოვის მერმა სერგეი სობიანინმა შაბათს განაცხადა, რომ კრიტიკულ მდგომარეობაში მყოფი პაციენტების რაოდენობა იზრდება, თუმცა მონაცემები ისეთი მაღალი არ არის, როგორსაც ყველაზე მძიმე მოდელი აჩვენებდა. მოსკოვში, დაახლოებით, 13 მილიონი ადამიანი ცხოვრობს და სამთავრობო ინფორმაციით, ქალაქის მოსახლეობის 2 პროცენტია დაინფიცირებული. სობიანინი აცხადებს, რომ მდგომარეობა ჯერ ისევ რთულია და ვითარების გაუარესების შემთხვევაში მზადაა მოსკოველებისთვის იზოლაციის წესები გაამკაცროს.
გასულ კვირას, რუსეთის პრემიერ-მინისტრმა მიხეილ მიშუსტინმა პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს საჯაროდ განუცხადა, რომ კოვიდ-19 დაუდასტურდა და გამოჯანმრთელებამდე პრემიერის პოსტს დროებით ტოვებდა.