კორონავირუსმა ამერიკაში შესაძლოა 100-დან 200 ათასამდე ადამიანი იმსხვერპლოს

შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა სოციალური დისტანცირების რეკომენდაცია ქვეყნის მასშტაბით 30 აპრილამდე გააგრძელა. რამდენიმე დღით ადრე პრეზიდენტმა თქვა, რომ აღდგომისთვის ეკლესიები სავსე იქნებოდა ხალხით, რასაც საზოგადოეებრივი ჯანდაცვის ექსპერტებისგან სწრაფი რეაქცია და კრიტიკა მოჰყვა. ამ კრიტიკის თანახმად, ქვეყანა დაწესებული შეზღუდვების მოსახსნელად ორ კვირაში მზად არ იქნებოდა.

ამ ფონზე, შეერთებული შტატების მთავარი ინფექციონისტი დოქტორი ანტონი ფაუჩი აცხადებს, რომ კორონავირუსის პანდემიამ ამერიკაში შესაძლოა 100 000-დან 200 000 ადამიანი მოკლას და მილიონობით ადამიანი დააინფიციროს.

დოქტორმა ფაუჩიმ, რომელიც კორონავირუსის წინააღმდეგ საბრძოლველად შექმნილი თეთრი სახლის სამუშაო ჯგუფის წევრია, ეს განცხადება „სი-ენ-ენის“ წამყვან ჯეიკ ტაპერთან საუბრისას გააკეეთა. მან თქვა, რომ ამერიკა ჯერ ძალიან შორსაა დაავადების პიკისგან. ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის ინფორმაციით, 29 მარტის საღამოს მონაცემებით, კოვიდ-19-ის შედეგად ამერიკაში 2 436 ადამიანია გარდაცვლილი და დაინფიცირების 139 675 შემთხვევაა დადასტურებული.

საზოგადოეებრივი ჯანდაცვის ექსპერტები აცხადებენ, რომ ამერიკის მასშტაბით ფიქსირდება შემთხვევები, როცა კორონავირუსის გადადების ჯაჭვის დადგენა შეუძლებელია, რაც იმაზე მიუთითებს, რომ ამ დაინფიცირებული ადამიანების იზოლირება ამ ეტაპზე შეუძლებელი იქნება.

ასევე ნახეთ: ყველაზე მძიმე სცენარის მიხედვით, აშშ-ში კორონავირუსის შედეგად შეიძლება მილიონზე მეტი ადამიანი გარდაიცვალოს

ერთი კვირის წინ შეერთბულ შტატებში გავრცელდა ინფორმაცია, რომ დაავადების მოდელირებაზე დაყრდნობით, ამერიკაში კორონავირუსს, დაახლოებით, 2 მილიონი ადამიანი შეეწირებოდა. ფაუჩის თქმით, ამ სცენარის განვითარება „ამ დროისთვის წარმოუდგენელი არ არის, მაგრამ მისი ალბათობა ძალიან, ძალიან დაბალია.“

სერიოზული პრობლემა გვაქვს ნიუ-იორკში, სერიოზული პრობლემა გვაქვს ახალ ორლეანში და სერიოზული პრობლემა გვექნება სხვა ქალაქებში.
ანტონი ფაუჩი

პრეზიდენტმა ტრამპმა კვირა საღამოს თქვა, რომ შეერთებულ შტატებში დაავადების პიკი, დაახლოებით, 2 კვირაში იქნება და ის შესაძლოა დიდი ხნის განმავლობაში გაგრძელდეს.

დოქტორი ფაუჩი ამბობს, რომ პროგნოზების გაკეთება სასარგებლოა გეგმის შესადგენად, მაგრამ ფრთხილად უნდა ვიყოთ, რომ მცდარი ინფორმაცია არ გავავრცელოთ: „ეს მოძრავი სამიზენეა და ძალიან ადვილად შეიძლება შეცდე და ხალხი შეცდომაში შეიყვანო,“ - თქვა მან. ფაუჩიმ დასძინა, რომ დღემდე ბევრი რამაა უცნობი, მაგრამ ცნობილია ის, რომ „სერიოზული პრობლემა გვაქვს ნიუ-იორკში, სერიოზული პრობლემა გვაქვს ახალ ორლეანში და სერიოზული პრობლემა გვექნება სხვა ქალაქებში.“

დოქტორმა ფაუჩიმ უარი თქვა პროგნოზი გაეკეთებინა იმაზე, თუ როდის შეიძლება დამთავრდეს პანდემია. მან თქვა, რომ „ამ ვადებს თვითონ ვირუსი ადგენს.“

ამერიკის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის ინფორმაციით, 2010 წლის შემდეგ ინფლუენზა წელიწადში 12-დან 61 ათასამდე ადამიანს კლავს. კორონავირუსის სიკვდილიანობის მაჩვენებელი გაცილებით მაღალია, ვიდრე - სეზონური გრიპის.