ბაიდენი საბიუჯეტო საკითხებზე დემოკრატებთან შეთანხმებას ცდილობს

კონგრესში გრძელდება პრეზიდენტ ჯო ბაიდენის მიერ შეთავაზებული გეგმის განხილვა, რომელიც ითვალისწინებს სამთავრობო ბიუჯეტში სოციალური დაცვის პროგრამების გაფართოებას და კლიმატური ცვლილებების შენელებისკენ გადადგმული ნაბიჯების დაფინანსებას. კონგრესის დემოკრატები ცდილობენ შეთანხმდნენ იმ კომპრომისებზე, თუ რა პროგრამები შეიძლება შემცირდეს და რომელი პროგრამების ხარჯზე უნდა მოხდეს ეს.

პრეზიდენტი სამშაბათს თეთრ სახლში ორ დემოკრატ კანონმდებელს შეხვდა - დასავლეთ ვირჯინიის სენატორ ჯო მანჩინს და არიზონის სენატორ კირსტენ სინემას. ისინი ზოგადად ზომიერი პოლიტიკით გამოირჩევიან, მაგრამ ბაიდენის 3.5 ტრილიონიან საბიუჯეტო გეგმას ზოგ ნაწილში კატეგორიულად ეწინააღმდეგებიან. ორივე მათგანმა რამდენიმე მიმართულებით საკუთარი საბიუჯეტო ინიციატივა წარმოადგინა.

ასევე ნახეთ: ბაიდენმა ხელი მოაწერა კანონპროექტს, რომელიც ამერიკას დეფოლტს ააცილებს

ცოტა ხნით ადრე, სამშაბათსვე, სენატის დემოკრატებმა მასაჩუსეტსის სენატორ ელიზაბეტ უორენის მეთაურობით, წარმოადგინეს საგადასახადო ინიციატივა, რომელიც კორპორაციებს ახალ მინიმალურ გადასახადს უწესებს. ის მოიცავს ე.წ. მილიარდერების გადასახადსაც, რომელიც შეეხება მათ, ვისი შემოსავალიც $1 მილიარდს აღემატება და ასევე იმათ, ვისი შემოსავალი ზედიზედ 3 წლის მანძილზე $100 მილიონს, ან უფრო მეტს შეადგენს.

100 წევრისგან შემდგარ სენატში, სადაც რესპუბლიკელები და დემოკრატები თანაბრად არიან წარმოდგენილები, ზომიერ დემოკრატთა გადაბირებას პრეზიდენტისთვის დიდი მნიშვნელობა ენიჭება. ბაიდენმა იმედი გამოთქვა, რომ ამ კვირის განმავლობაში დემოკრატებს შორის შეთანხმებას მიაღწევს. კომპრომისი ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილის $2 ტრილიონამდე შემცირებას ითვალისწინებს.

2022 წლის ბიუჯეტში ინფრასტრუქტურის მიმართულებაზე გათვალისწინებული ხარჯების ნაწილში, ბაიდენს 19 რესპუბლიკელი სენატორის მხარდაჭერა აქვს. თუმცა, დემოკრატების ე.წ. პროგრესისტმა ნაწილმა მისი დამტკიცების პროცედურა საბოლოო შეთანხმების მიღწევამდე დაბლოკა.

ასევე ნახეთ: 40-გვერდიანი ანგარიში - თეთრი სახლი კლიმატური ცვლილებების წინააღმდეგ რალურ ნაბიჯებს დგამს