უკრაინაში ვიზიტით მყოფი სენატორების ორპარტიული ჯგუფი უკრაინის მხარდამჭერ ერთობლივ განცხადებას ავრცელებს. სენატორი ჯინ შაჰინი, სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის უფროსი წევრი და ევროპის ქვეკომიტეტის თავმჯდომარე, სენატორი რობ პორტმანი და სენატორი კრის მერფი კიევში უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის და უკრაინის მთავრობის სხვა ოფიციალურ პირებს შეხვდნენ.
ასევე ნახეთ: შაჰინი: ვეწინააღმდეგებით ლუკაშენკოს რეპრესიებსსენატორების განცხადებით, დელეგაციის მიზანი „შეერთებული შტატების მიერ უკრაინასთან სოლიდარობის გამოჩენაა რუსული აგრესიის წინააღმდეგ“. სენატორები ასევე აცხადებენ, რომ უკრაინას საკუთარი სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის ქონის უფლება აქვს და რომ მათი ვიზიტი თანადგომის გამოჩენასთან ერთად, ქვეყანაში დემოკრატიული რეფორმების წახალისებაც არის.
„უკრაინას რამდენიმე გამოწვევა აქვს და ამიტომ მნიშვნელოვანია შეერთებული შტატები დარჩეს როგორც ერთგული პარტნიორი იმისთვის, რომ წაახალისოს მუშაობა კორუფციის აღმოსაფხვრელად და დემოკრატიული ინსტიტუტების გასაძლიერებლად იმისთვის, რომ უკრაინამ შეძლოს საკუთარი მიზნის განხორციელება ნატოსა და ევროკავშირში გაწევრიანების მხრივ, ტრანსატლანტიკური ალიანსის კიდევ უფრო გასამყარებლად. ჩვენი საერთაშორისო პარტნიორობის გამყარებას შეერთებული შტატების ეროვნული უსაფრთხოების და გლობალური სტაბილურობისთვის კრიტიკული მნიშვნელობა აქვს მზარდად აგრესიული და რევანშისტული რუსეთის ფონზე. უკრაინის ამ ძალისხმევაში მხარდაჭერა შეერთებული შტატების ეროვნულ ინტერესებში შედის და ჩვენ მოვუწოდებთ ჩვენს უკრაინელ პარტნიორებს, რომ კურსი შეინარჩუნოს“, განაცხადა სენატორმა შაჰინმა.
ამ კვირაში სენატორები შაჰინი, პორტმანი და მერფი კონგრესის ორპარტიული დელეგაციის ეგიდით ევრაზიის რეგიონში სამ ქვეყანას სტუმრობენ. კიევში ჩასვლამდე ისინი ლიეტუვაში იმყოფებოდნენ, სადაც შეხვედრა გამართეს ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრ გაბრიელიუს ლანდსბერგისთან ლიეტუვაში დევნილ ბელარუსის ოპოზიციის ლიდერ სვიატლანა ცახანუსკაიასთან. კიევის შემდეგ სენატორები საქართველოში ჩავლენ.