23 მაისს, დღის 12:30 წუთზე, კომპანია "რაინეარის" ავიარეისმა, რომელიც საბერძნეთიდან ლიეტუვას მიმართულებით მიფრინავდა, ბელარუსის საჰაერო საზღვარი გადაკვეთა. სწორედ ამ დროს, კაპიტანს ბელარუსი ოპერატორი დაუკავშირდა და ბელარუსის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, შემდეგი უთხრა: "გაცნობებთ, სპეციალური სამსახურებისგან გვაქვს ინფორმაცია, რომ თვითმფრინავში ბომბია, რომელიც, შესაძლოა ვილნიუსის თავზე გააქტიურდეს".
პილოტი კი პასუხობს: "გასაგებია. შეგიძლიათ კიდევ გაიმეოროთ მესიჯი?"
"კიდევ ერთხელ ვიმეორებ, გვაქვს ინფორმაცია უსაფრთხოების სამსახურებიდან, რომ ბომბი გაქვთ ბორტზე", - ამბობს კონტროლიორი. “რომელიც ვილნიუსის თავზე გააქტიურდება", - იმეორებს ის.
ამის შემდეგ ჩანაწერის მიხედვით 16 წუთიანი პაუზაა და მოგვიანებით პილოტი ბორტზე საგანგებო მდგომარეობას აცხადებს და მინსკში თვითმფრინავის დასმის გადაწყვეტილებას იღებს.
თვითმფრინავის მინსკის აერპორტში დასმამდე, ჩანაწერის მიხედვით, პილოტმა სცადა გაერკვია ვინ იძლეოდა ბელარუსში თვითმფრინავის დასმის რეკომენდაციას და საიდან მოდიოდა ბომბის შესახებ ინფორმაცია.
გავრცელებული ჩანაწერით, 12:33 წუთზე პილოტი კითხულობს, საიდან მიიღო ბომბის შესახებ ინფორმაცია ოპერატორმა, რაზეც პასუხად იღებს, რომ ინფორმაცია "მიღებულ იქნა აეროპორტის უსაფრთხოების სამსახურისგან". პილოტის შეკითხვაზე იყო ეს ვილნიუსის, თუ ათენის აეროპორტი, ბელარუსი ოპერატორისგან ისმის პასუხი, რომ: "ეს იმეილი რამდენიმე აეროპორტს მიაწოდეს".
თვითმფინავი ვილნიუსთან 10-15 წუთის დაშორებით იმყოფებოდა და გაცილებით უფრო მარტივად და სწრაფად დაეშვებოდა ლიეტუვაში, ვიდრე ბელარუსში. პილოტის განმეორებით შეკითხვას, ბელარუსმა ოპერატორმა უპასუხა, რომ ეს იყო მათი [ბელარუსის] რეკომენდაცია.
ჩანაწერი არასრულია და მისი ავთენტურობა ჯერ არ დასტურდება. ამ დრომდე თავად "რაინეარს" პილოტის კომუნიკაცია არ გამოუქვეყნებია.
მინსკში დაშვების შემდეგ, თვითმფრინავში ბომბი არ აღმოუჩენიათ, თუმცა დააკავეს ბელარუსი ჟურნალისტი რომან პრატასევიჩი და მისი თანმხლები რუსი გოგონა.
ბელარუსის მიერ თვითმფრინავის დაჯდომის იძულება მკაცრად გააკრიტიკეს დასავლეთის ლიდერებმა და მას "სახელმწიფო მეკობრეობა" და "გატაცება" უწოდეს. ევროკავშირმა უკვე დაუწესა დამატებითი სანქციები ბელარუსს, ხოლო ამერიკამ სანქციების შემუშავებაზე მუშაობა დაიწყო. მომხდარის გამოძიებაზე უკვე მუშაობს რამდენიმე ქვეყანა.
განცხადებაში, რომელიც ბაიდენის ადმინისტრაციამ გაავრცელა ნათქვამია, რომ "ბელარუსის მიერ "რაინეარის" კომერციული რეისის იძულებით გადამისამართება, რომელიც ევროკავშირის წევრ ორ ქვეყანას შორის ხორციელდებოდა და საზღვარგარეთ მოგზაურობის დროს ბელარუსი ჟურნალისტის, რომან პრატასევიჩის დაპატიმრება, არის საერთაშორისო ნორმების პირდაპირი შეურაცხყოფა".
პრეზიდენტის განცხადებაში ვკითხულობთ, რომ ამერიკა გმობს ბელარუსის მიერ თვითმფრინავის მარშრუტის შეცვლის იძულებას და ჟურნალისტის დაპატიმრებას.
ურსულა ვონ დერ ლეიენმა, ევროკომისიის პრეზიდენტმა, მომხდარს ევროპის სუვერენიტეტზე თავდასხმა უწოდა: "ეს არის თავისუფლად გამოხატვის უფლებასა და ევროპის სუვერენიტეტზე თავდასხმა. ამ აღმაშფოთებელ ქმედებას სჭირდება მკაცრი პასუხი, ამიტომ ევროსაბჭომ გადაწყვიტა დააწესოს დამატებითი სანქციები იმ პირებისთვის, ვინც გატაცებაზე არიან პასუხისმგებელი და ასევე იმ ბიზნესებსა და ეკონომიკურ სუბიექტებზე, ვინც რეჟიმს აფინანსებს".
დასავლეთის ლიდერებისა და ბელარუსის ოპოზიციის აღშფოთება გამოიწვია, ორშაბათს გამოქვეყნებულმა ვიდეომაც, სადაც, რომან პრატასევიჩმა აღიარა, რომ მასობრივი პროტესტის ორგანიზატორი იყო. მისი მხარდამჭერები, მათ შორის ოპოზიციის ლიდერი სვეტლანა ციხანუსკაია თვლის, რომ ჟურნალისტს აღიარების მიცემა აიძულეს.
"მან თქვა, რომ კანონის ფარგლებში ეპყრობიან, მაგრამ აშკარად ნაცემია და წნეხის ქვეშ იმყოფება. ეჭვი არაა, რომ აწამეს",- განაცხადა ციხანუსკაიამ.
პრატასევიჩთან ერთად, რუსეთის მოქალაქე 23 წლის სოფია საპეგა დააკავეს. ის ვილნიუსის ერთ-ერთ უნივერსიტეტში სწავლობს. დაკავებიდან მალევე, უნივერსიტეტმა განცხადება გამოაქვეყნა და გოგონას დაუყოვნებლიც გათავისუფლება მოითხოვა.