დღეს "სი-ენ-ენი" ჰარისის და უოლცის ინტერვიუს გადასცემს

კამალა ჰარისი და ტიმ უოლცი საარჩევნო ტურზე ჯორჯიის შტატში. სავანა, აშშ. 28 აგვისტო, 2024 წ.

დღეს, 29 აგვისტოს, ამერიკის დემოკრატიული პარტიის საპრეზიდენტო კანდიდატს, ვიცე-პრეზიდენტ კამალა ჰარისს და მინესოტის გუბერნატორ ტიმ უოლცს, რომელიც მომავალ არჩევნებზე მისი ვიცე-პრეზიდენტობის კანდიდატია, ტელეკომპანია "სი-ენ-ენში" (CNN) ინტერვიუზე ელიან. რესპუბლიკელები და მედიის ნაწილი მათ ბოლო კვირაა ხშირად აკრიტიკებენ იმისთვის, რომ ისინი ჟურნალისტთა კითხვებს ნაკლებად იღებენ და პასუხობენ.

ტელეკომპანიის განცხადებით, ინტერვიუ ეთერში ვაშინგტონის დროით, საღამოს 9 საათზე გავა. ეს ჰარისის პირველი ვრცელი ინტერვიუ იქნება, მას შემდეგ რაც პრეზიდენტ ჯო ბაიდენის მხარდაჭერით, ის დემოკრატთა საპრეზიდენტო კანდიდატი გახდა და კენჭს იყრის 2024 წლის არჩევნებზე.

მიუხედავად იმისა, რომ ჰარისი დროდადრო პასუხობდა ჟურნალისტთა კითხვებს საგარეო და ეკონომიკური პოლიტიკის პლატფორმის თაობაზე, მას ოფიციალური პრესკონფერენცია ჯერ არ ჩაუტარებია და არც ვრცელი ინტერვიუსთვის დამჯდარა რომელიმე ეროვნული მასშტაბით მაუწყებელ ტელევიზიასთან. ამასთან დაკავშირებით მან ოპონენტის, ამერიკის 45-ე პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის კრიტიკაც დაიმსახურა.

ჰარისი და უოლცი ახლა ჯორჯიის შტატში იმყოფებიან, სადაც ქალაქიდან ქალაქში ავტობუსებით დადიან. დემოკრატთა საპრეზიდენტო და ვიცე-პრეზიდენტობის კანდიდატები იქ საარჩევნო ტურს მართავენ და მომავალი საპრეზიდენტო არჩევნების წინ, ამ ერთ-ერთ გადამწყვეტ შტატში მცხოვრებ ამომრჩევლებს ხვდებიან.

მათთან ინტერვიუს "სი-ენ-ენის" ჟურნალისტი და წამყვანი დანა ბაში წარმართავს. ბოლო ინტერვიუ ჰარისს ივნისში ჰქონდა, როცა მაშინდელი საპრეზიდენტო კანდიდატის, ჯო ბაიდენის შედარებით სუსტ გამოსვლას იცავდა, დონალდ ტრამპთან ერთად გამართულ, პირველ საპრეზიდენტო დებატებზე.

საპროგრამო პოლიტიკაზე, ჰარისმა ნაწილობრივ დემოკრატთა ეროვნულ ყრილობაზე, ე.წ. კონვენციაზე ისაუბრა. ის ამერიკელებს დაპირდა, რომ გაითვალისწინებს საშუალო კლასის მოსახლეობის ინტერესებს და მათ გადასახადებს შეუმცირებს. საგარეო პოლიტიკის მიმართულებით კი, მან პირობა დადო, რომ მხარს დაუჭერს უკრაინის თავდაცვას და ნატოს სიმტკიცეს, ასევე ხელს შეუწყობს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას ისრაელსა და "ჰამასს" შორის, ღაზაში მიმდინარე ომში.

ამერიკის საპრეზიდენტო არჩევნები 2024 წლის 5 ნოემბერს არის დანიშნული, მაგრამ ზოგიერთ შტატში ნაადრევი ხმის მიცემის პროცესი უკვე დაიწყო. პრეზიდენტის გარდა, ამერიკა ასევე ირჩევს წარმომადგენელთა პალატის ყველა, 435 წევრს და სენატში - 33 სენატორს, სულ - 468 კანონმდებელს და ადგილობრივ, შტატის მთავრობის წარმომადგენლებს.

Your browser doesn’t support HTML5

ჰარისი: "ყველა ამერიკელის პრეზიდენტი ვიქნები"