დემოკრატიული პარტიის ერთ-ერთი საპრეზიდენტო კანდიდატის ჰილარი კლინტონის წარმომადგენელი აცხადებს, რომ ის კერძო სერვერს, რომელსაც კლინტონი სახელმწიფო მდივნის პოსტზე მუშაობისას იყენებდა ელექტრონული კომუნიკაციისთვის, იუსტიციის დეპარტამენტს გადასცემს.
კლინტონს რესპუბლიკელი კანონმდებლები სერვერის გამოძიებისთვის გადაცემას მას შემდეგ სთხოვენ, რაც გაირკვა, რომ სახელმწიფო მდივანი ოფიციალური მიმოწერისთვის პერსონალურ იმეილს იყენებდა. კლინტონს სადავო კომუნიკაციების დამალვაში ადანაშაულებენ, რომლებიც 2012 წელს ლიბიაში მომხდარ ტერორისტულ აქტს ეხება. მაშინ ქალაქ ბენღაზიში მდებარე ამერიკის საკონსულოში მეამბოხეებმა სამ ამერიკელთან ერთად, შეერთებული შტატების ელჩი მოკლეს.
კლინტონმა განაცხადა, რომ სახელმწიფო დეპარტამენტს 55 ათასი იმეილი გადასცა და მათი გასაჯაროების უფლება მისცა.
გამოძიების ფედერალურმა ბიურომ კლინტონის საქმის გამოძიება მას შემდეგ დაიწყო, რაც დაზვერვის სააგენტოს გენერალურმა ინსპექტორმა განაცხადა, რომ კლინტონის 40 იმეილში ოთხი წერილი აღმოაჩინა, რომლებსაც გაგზავნის დროს გრიფი საიდუმლო, მათ შორის ორს, გრიფი ზე-საიდუმლო ედო.