ევროპაში "ასტრაზენეკას" ვაქცინის და თრომბის განვითარების რისკის შესწავლა გრძელდება

ევროკავშირის მედიკამენტების სააგენტოს (EMA) წარმომადგენელი, სამშაბათს გამოქვეყნებულ ინტერვიუში, საუბრობს იმაზე, რომ "ასტრაზენეკას" კოვიდ-19-ის ვაქცინას და თავის ტვინში მომხდარ უიშვიათეს თრომბს შორის, კავშირი იკვეთება. თუმცა, ამის სავარაუდო მიზეზები ჯერჯერობით დადგენილი არ არის.

"ჩემი აზრით, ახლა ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ გარკვევით არის კავშირი [თრომბების] ვაქცინასთან, მაგრამ ჯერ კიდევ არ ვიცით, თუ რა იწვევს ამ რეაქციას" - თქვა მარკო კავალიერიმ იტალიურ გაზეთთან Il Messagero ინტერვიუში. კავალიერი ევროპის მედიკამენტების სააგენტოში ვაქცინების შეფასების გუნდის თავმჯდომარეა. მას საკუთარი აზრის დამადასტურებელი მტკიცებულება გამოცემისთვის არ წარუდგენია.

კავალიერის ინტერვიუს გამოქვეყნების შემდეგ, ევროპის მედიკამენტების სააგენტომ, რომელიც ევროკავშირის მთავარი მარეგულირებელია, განცხადება გააკეთა. მასში ნათქვამია, რომ ვაქცინის თაობაზე კვლევა ჯერ კიდევ მიმდინარეობს და მისი შედეგები ოთხშაბათს, ან ხუთშაბათს გახდება ცნობილი. "სააგენტოს რისკების შეფასების კომიტეტს (PRAC) განხილვის შემდეგ საბოლოო დასკვნა ჯერ არ გამოუტანია" - აცხადებს მარეგულირებელი. ბრიტანული კომპანიის "ასტრაზენეკა" პრესსპიკერმა კი ამ ეტაპზე კომენტარისგან თავი შეიკავა.

ასევე ნახეთ: ევროკავშირი "ასტრაზენეკას" ვაქცინის შეჩერების წინააღმდეგია

სააგენტო გამუდმებით იმეორებს, რომ "ასტრაზენეკას" და ოქსფორდის უნივერსიტეტის ერთობლივად შემუშავებული კოვიდ-19-ის ვაქცინის სარგებელი ბევრჯერ აღემატება მისგან შექმნილ რისკებს. თუმცა, ევროკავშირის მარეგულირებელი კვლავ აგრძელებს 44 შემთხვევის შესწავლას, რომელიც ბლოკში მცხოვრები 9.2 მილიონი ადამიანის აცრის შემდეგ დაფიქსირდა.

იგივეს აცხადებს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია და ბრიტანეთის გაერთიანებული სამეფო, სადაც ამ ვაქცინით ათეულ მილიონობით ადამიანია აცრილი. თავად "ასტრაზენეკამაც" ჩაატარა შიდა გამოძიება, რომელმაც აცრას და თავის ტვინში მომხდარი თრომბის უიშვიათეს სახეს შორის კავშირი არ დაადასტურა.

ზოგიერთმა ქვეყანამ, მათ შორისაა საფრანგეთი, გერმანია და ჰოლანდია, ვაქცინის გამოყენება საბოლოო შედეგების დადგენამდე, ახალგაზრდა ადამიანებში საერთოდ შეწყვიტა.

გასულ კვირაში, ევროპის მედიკამენტების სააგენტომ განაცხადა, რომ მათ ჯერჯერობით კონკრეტული რისკფაქტორები ვერ გამოავლინეს, როგორიცაა მაგალითად: ასაკი, სქესი ან ადამიანის ავადმყოფობის ისტორია შესაბამისი რისკებით. პირდაპირი კავშირი დადგენილი არ არის, თუმცა ანალიზი გრძელდება - თქვეს სააგენტოს რისკების შეფასების კომიტეტის წევრებმა.

ასევე ნახეთ: თრომბის 30 შემთხვევა 18 მილიონი აცრიდან - ბრიტანეთი

შემთხვევებს შორის ახალგაზრდა და შუახნის ქალები ჭარბობდნენ. თრომბი აცრიდან რამდენიმე დღეში, ან კვირაში ვითარდებოდა. იყო ეჭვი ზოგიერთ პრეპარატზე, მათ შორის კონტრაცეპტივების გამოყენებაზე, რაც ამ ეტაპზე არ დადასტურდა. ასევე განიხილება თეორია, იწვევს თუ არა ვაქცინა უჩვეულო ანტისხეულების წარმოქმნას.

ფაქტია, რომ ეს ძალიან დიდი იშვიათობაა. 2 აპრილს, ბრიტანეთში გამოქვეყნებული სტატისტიკის მიხედვით, იქ თრომბოზული მოვლენების მხოლოდ 30 შემთხვევა აღირიცხა. ეს მაშინ, როცა იმ დროისთვის ქვეყანაში "ასტრაზენეკას" ვაქცინის 18.1 მილიონი დოზა იყო ადმინისტრირებული.

აღნიშნული განცხადება გასულ ხუთშაბათს ბრიტანეთის მთავარმა მარეგულირებელმა გააკეთა. მედიკამენტების და ჯანდაცვის პროდუქტების მარეგულირებელმა სააგენტომ ისიც თქვა, რომ მსგავსი მოვლენები მათ არ დაუფიქსირებიათ "ფაიზერის" და "ბიონტექის" ერთობლივი ვაქცინის შემთხვევაში. ბრიტანული სააგენტო იმეორებს, რომ ვაქცინის სარგებელი ბევრად აღემატება მის შესაძლო უსაფრთხოების რისკებს, თუნცაც ეს თრომბის განვითარების მცირე რისკი იყოს.

ასევე ნახეთ: „უნდა გავიკეთოთ ის ვაქცინა, რომელზეც ხელი მიგვიწვდება,“ -  გიორგი კურდღელაშვილი