შეერთებული შტატების დაზვერვის ცენტრალურ სააგენტოში საორგანიზაციო ცვლილებები მიმდინარეობს, რასაც ვაშინგტონი ჩინეთიდან მომავალი "მტრული განწყობების გაღრმავებით" ხსნის. სააგენტოს დირექტორმა უილიამ ბერნსმა დღეს განაცხადა, რომ მათთან იქმნება ჩინეთის მისიის ცენტრი, რომელიც უკვე არსებულ რესურსებთან ერთად, ვაშინგტონს დაეხმარება პეკინის მზარდ საფრთხეებთან გამკლავებაში.
სააგენტო ასევე ქმნის ტრანსნაციონალური და ტექნოლოგიური მისიების ცენტრებს. გაიხსნება ახალი პოზიცია: ტექნოლოგიების უფროსი ოფიცერი, რომელიც სააგენტოში ზედამხედველობას გაუწევს გლობალურ კონკურენციას, ახალ ტექნოლოგიებს, ეკონომიკურ უსაფრთხოებას, გლობალურ ჯანდაცვას და კლიმატურ ცვლილებებს. იწყება ტექნოლოგიების მიმართულებით ფელოუშიფების პროგრამა, რომელიც სააგენტოში ორწლიანი დასაქმებით დარგის ექსპერტებს მოიწვევს.
ასევე ნახეთ: ბაიდენი ჩინეთის პრეზიდენტს ტელეფონით ესაუბრათავის განცხადებაში, ბერნსმა ჩინეთის მთავრობას უწოდა "21-ე საუკუნის ყველაზე მნიშვნელოვანი გეოპოლიტიკური საფრთხე". მისი თქმით, "მთელი თავისი ისტორიის მანძილზე, დაზვერვის ცენტრალური სააგენტო მის წინაშე წამოჭრილ ყველა საშიშროებასთან გასამკლავებლად იბრძოდა... ახლა ჩვენ დიდი ძალების მტრობის ახალ ეპოქაში, ურთულესი გეოპოლიტიკური გამოცდის პირისპირ ვიმყოფებით, დაზვერვის ცენტრალური სააგენტო კი ამ მცდელობის წინა ხაზზე იქნება".
დაზვერვის ცენტრალური სააგენტოს დირექტორმა კონგრესი ჯერ კიდევ თებერვალში გააფრთხილა, რომ ჩინეთთან კონკურენცია "მომავალი დეკადების განმავლობაში ჩვენი ეროვნული უსაფრთხოებისთვის წამყვანი საკითხი იქნება". მან ჩინეთის ლიდერთა პოლიტიკა მაშინ დაახასიათა არამარტო როგორც მტრულად განწყობილი, არამედ როგორც - მტაცებლური.
იმის მიუხედავად, რომ ჩინეთზე ფოკუსი უახლოეს მომავალში გაცილებით გაიზრდება, დაზვერვის ცენტრალური სააგენო ასევე აცხადებს, რომ ყურადღება გამახვილდება სხვა წამყვან საფრთხეებზეც. მათ შორის პირველ რიგში სახელდება ტერორიზმი, შემდეგ კი "აგრესიული რუსეთი, პროვოკაციული ჩრდილოეთ კორეა და მტრული ირანი".