საშობაო ნაძვის ხის ტრადიციები ამერიკაში

მსოფლიოს ნაწილი ქრისტეშობას გრიგორიანული კალენდრის მიხედვით 25 დეკემბერს ზეიმობს, სხვა ნაწილი, იულიუსის კალენდრის მიხედვით 7 იანვარს, ზოგიერთი კი 6 იანვარს.

განსხვავებული კალენდრის მიუხედავად, დღესასწაულის შინაარსი საერთოა, თუმცა სხვადასხვა ქვეყანაში და რეგიონში მას ზოგიერთი თავისებურებით აღნიშნავენ.

შეერთებულ შტატებში, ქვეყნის მრავალ-კულტურული ხასიათიდან გამომდინარე, ქრისტეშობის დღესასწაულს ბევრი განსხვავებული ელფერი აქვს. აქ შეგხვდებათ ტრადიციები, რომლებიც დიდი ბრიტანეთის, საფრანგეთის, იტალიის, ესპანეთის, ჰოლანდიის, პოლონეთის, მექსიკის და სხვა ქვეყნების ტრადიციების მსგავსია.

ქრისტიანი ამერიკელები იესოს დაბადებას ეკლესიაში ზეიმობენ. ბევრ ეკლესიაში საგანგებო საშობაო მსახურება ტარდება.

ეწყობა სადღესასწაულო ბაზრობები. ზოგიერთ შტატში, არის „საშობაო მაღაზიები,“ რომლებიც მთელი წლის განმავლობაში მუშაობს. ადამიანები სახლებს და ეზოებს განათებით და ორნამენტებით რთავენ. სადღესასწაულო მორთულობის მთავარი ნაწილი, რა თქმა უნდა, საშობაო ნაძვის ხეა, რომელსაც სათამაშოებით ამშვენებენ.

საშობაო ნაძვის ხის მორთულობებში გამოირჩევა ერთი უცნაური სათამაშო. დარწმუნებით არავინ იცის ეს სათამაშო ნაძვის ხეზე რატომ მოხვდა. ეს არის - კიტრი.

მეცხრამეტე საუკუნის 80-იან წლებში, „ვულვორთის“ მაღაზიების ქსელმა გერმანიიდან იმპორტირებული, სხვადასხვა ფორმის ხილის და ბოსტნეულის მინის ორნამენტების გაყიდვა დაიწყო. როგორც ჩანს, კიტრიც მათ შორის იყო.

იმ დროს გავრცელდა მოსაზრება, რომ საშობაო კიტრი ძველი გერმანული ტრადიცია იყო და მას ნაძვის ხეზე ყველაზე ბოლოს კიდებდნენ. პირველი ბავშვი, ვინც კიტრს იპოვიდა, დამატებით საჩუქარს იღებდა.

როგორც ჩანს, მოსაზრება ძველი გერმანული ტრადიციის შესახებ უბრალო მითია. საშობაო კიტრის შესახებ, თვითონ გერმანიაში, ბევრს არაფერი სმენია.

ზოგიერთ ოჯახში ნაძვის ხეზე კიტრს კიდებენ და მისი მპოვნელი ბავშვი საჩუქარს იღებს, მაგრამ სავარაუდოდ, ეს ტრადიცია გერმანიაში არ დაბადებულა.

საშობაო კიტრის შესახებ ორი სხვა, კიდევ უფრო ნაკლებად დამაჯერებელი ამბავი არსებობს. ერთი ამბავი ამერიკის სამოქალაქო ომის მებრძოლის შესახებაა, რომელიც გერმანიაში, ბავარიაში იყო დაბადებული. ის ტყვედ ჩავარდა და შიმშილისგან კვდებოდა. თავის მცველს შეეხვეწა, რომ სიკვდილამდე მისთვის ერთი კიტრი მიეცა. მცველს ის შეებრალა და კიტრი მისცა. კიტრმა კი მას სულიერი და ფიზიკური ძალა მისცა და ის ცოცხალი დარჩა.

მეორე ამბავი წმინდა ნიკოლოზთანაა დაკავშირებული. ეს შუა საუკუნეების ზღაპარია ორ ესპანელ ბიჭზე, რომლებიც არდადეგებზე სკოლა-ინტერნატიდან შინისკენ მიემგზავრებოდნენ. როდესაც ღამის გასათევად პატარა სასტუმროში გაჩერდნენ, სასტუმროს ბოროტმა პატრონმა ბიჭები დახოცა და კიტრის კასრში ჩაყარა. იმ ღამეს, წმინდა ნიკოლოზი იგივე სასტუმროში გაჩერდა, კასრში ბიჭები იპოვა და სასწაულებრივად გააცოცხლა.

თუმცა ყველაზე სარწმუნო მაინც ისაა, რომ სათამაშოების გამყიდველმა, რომელსაც ბევრი გასაყიდი კიტრი დაუგროვდა, საშობაო კიტრის შესახებ ლეგენდა თვითონ შეთხზა.

მიჩიგანის შტატის ქალაქ ბერიენ სპრინგსში, რომელსაც საშობაო კიტრის მსოფლიო დედაქალაქადაც იცნობენ, ყოველწლიურად, დეკემბრის დასაწყისში, კიტრის ფესტივალი იმართება.