ჩინეთის თავდაცვის მინისტრის საქმიანობას კორუფციის ბრალდებით იძიებენ

ლი შანგფუ

თავდაცვის მინისტრი ლი შანგფუ, ჩინეთის საჯარო სივრცეში ორ კვირაზე მეტია აღარ ჩანს. საქმეში ჩახედული 10 ადამიანის ცნობაზე დაყრდნობით, საინფორმაციო სააგენტო "როიტერი" იუწყება, რომ მის საქმეს ჩინეთის ხელისუფლება კორუფციის ბრალდებით იძიებს.

ასევე ნახეთ: აშშ ჩინეთში ატომური ელექტროსდგურებისთვის საჭირო მასალების ექსპორტზე კონტროლს ამკაცრებს

ლი შანგფუ ჩინეთის თავდაცვის მინისტრის თანამდებობაზე მარტში დაინიშნა. წინასწარი მონაცემებით, გამოძიება სამხედრო აღჭურვილობის შესყიდვას ეხება. ამ ინფორმაციას რეგიონული უსაფრთხოების მაღალჩინოსანზე, ჩინელ სამხედროებთან უშუალო კონტაქტში მყოფი სამი ადამიანი ადასტურებს. ასევე იძიებენ ჩინეთის სამხედრო შესყიდვების განყოფილების კიდევ რვა მაღალი თანამდებობის პირს, რომელთაც ლი შანგფუ 2017-2022 წლებში ხელმძღვანელობდა.

დღეს, 15 სექტემბერს, ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ არაფერი იცის ამ სიტუაციასთან დაკავშირებით. მედიის მხრიდან კომენტარის გაკეთებაზე თხოვნას აქამდე არ პასუხობენ ჩინეთის სახელმწიფო საბჭო და ქვეყნის თავდაცვის სამინისტრო. ჟურნალისტებთან კავშირზე არც თავად ლი შანგფუ გამოდის.

ამერიკულ მედიაში ვრცელდება ცნობები, რომ ის გასულ კვირაში დაკითხვაზე გამოიძახეს. კომენტარი აღნიშნულ ვითრებასთან დაკავშირებით არც შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტმა გააკეთა. თუმცა, "ფაინენშელ თაიმსი" იტყობინება, რომ ამერიკის მთავრობის რწმენით, ჩინეთის თავდაცვის მინისტრი გამოძიების ქვეშ იმყოფება.