ორშაბათს, ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ვანგ იმ განაცხადა, რომ ჩინეთის "წითელი ჯვარი" უკრაინას ჰუმანიტარულ დახმარებას „რაც შეიძლება სწრაფად“ მიაწვდის. იმავდროულად, მისი ქვეყნის რუსეთთან მეგობრობა შეაქო და მას „ქვასავით მტკიცე“ უწოდა.
ჩინეთმა რუსეთის უკრაინაში შეჭრის დაგმობაზე, ან შეჭრად მოხსენიებაზე უარი თქვა და დასავლეთის ქვეყნებს, რუსეთის მხრიდან „უსაფრთხოებაზე ლეგიტიმური შეშფოთების“ მიმართ პატივისცემა სთხოვა.
ვანგმა თქვა, რომ „უკრაინის სიტუაციის“ მიზეზები „რთულია“ და უეცრად არ მომხდარა. ამის გამოსახატად მან ჩინური ტრადიციული გამოთქმა გამოიყენა: „სამ ფუტიანი ყინული ერთ დღეში არ ჩნდება“.
ასევე ნახეთ: რუსული კომპანიები ანგარიშებს ჩინურ სახელმწიფო ბანკებში ხსნიან„ჩინეთი მზად არის ჰუმანიტარული კრიზისის გადასაწყვეტად საკუთარი ძალისხმევა გააგრძელოს და ქვეყნის "წითელი ჯვარი" უკრაინას დახმარების პარტიას „რაც შეიძლება სწრაფად“ მიაწვდის“, თქვა ვანგმა, თუმცა დეტალები არ დაუზუსტებია. ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც ქვეყანამ ასეთი დახმარების შესახებ განაცხადა.
საგარეო საქმეთა მინისტრმა იქვე დაამატა, ჩინეთი გამოდის წინადადებით, რომ „ჰუმანიტარული ქმედება“ ნეიტრალურობის და მიუკერძოებლობის პრინციპებს უნდა დაექვემდებაროს და ჰუმანიტარული საკითხების პოლიტიზირება არ უნდა მოხდეს.