25 სექტემბერს, ჩინეთის ეროვნული თავდაცვის სამინისტრომ გამოაცხადა, რომ პეკინმა ცარიელ ქობინიანი საცდელი საკონტინენტთშორისო ბალისტიკური რაკეტა „წყნარი ოკეანის ღია წყლებში“ გაუშვა.
„რაკეტა ზღვის მოსალოდნელ ადგილზე ჩამოვარდა“, განაცხადა სამინისტრომ თავის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ ახალი ამბების გამოშვებაში. „საცდელი გაშვება ჩვენი ყოველწლიური საწვრთნელი გეგმის ჩვეულებრივი ნაწილია. ის თანხვედრაშია საერთაშორისო სამართალთან და საერთაშორისო პრაქტიკასთან და არცერთი ქვეყნის ან სამიზნის წინააღმდეგ არ არის მიმართული“, - ნათქვამია განცხადებაში.
სააგენტო „სინჰუას“ ცნობით, გაშვებამ „სინამდვილეში გამოსცადა შეიარაღებისა და აღჭურვილობის ტექნიკური მახასიათებლები, ჯარის გაწვრთნილობის დონე და მოსალოდნელ მიზანს მიაღწია“.
ასევე ნახეთ: ჩინეთმა ტაივანის წყლებში ბალისტიკური რაკეტები გაისროლასაინფორმაციო სააგენტო "ასოშიეიტედ პრესის" ცნობით, 1980 წელს, ჩინეთმა საკონტინენტთშორისო ბალისტიკური რაკეტა წყნარი ოკეანის სამხრეთ ნაწილისკენ გაუშვა და აღნიშნა, რომ იმდროინდელ ჩინურ გაზეთებში გამოქვეყნებული რუკა აჩვენებდა დაახლოებით წრის ფორმის სამიზნე ტერიტორიას იმ სარტყელის ცენტრში, რომელსაც სოლომონის კუნძულები, ნაურუ, გილბერტის კუნძულები, ტუვალუ, სამოა, ფიჯი და ახალი ჰებრიდისი ქმნიან.
ანალიტიკოსმა ანკიტ პანდამ „ფრანს პრესის“ სააგენტოს უთხრა, რომ ჩინეთი მსგავს გამოცდებს ჩვეულებრივ საკუთარ საჰაერო სივრცეში ატარებდა და ამ ტიპის გამოცდის ამგვარი გეოგრაფია უაღრესად უჩვეულოა. მისი აზრით, ასეთი გამოცდა ჩინეთში მიმდინარე ბირთვულ მოდერნიზაციაზე მიანიშნებს, რომელმაც სარაკეტო გამოცდების ახალი მოთხოვნები წარმოშვა.
ოთხშაბათს ტაივანის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ ტაივანის გარშემო 23 ჩინური სამხედრო თვითმფრინავის მოქმედება და ცოტა ხნის წინ, „ინტენსიური“ ჩინური რაკეტების გაშვება და სხვა წვრთნები აღნუსხა.
სამინისტრომ თქვა, რომ ჩინეთის აქტიურობაზე დასაკვირვებლად, ტაივანმა საკუთარი საჰაერო და საზღვაო ძალები გააგზავნა.