ჩინეთმა ამერიკელ კანონმდებელს სანქციები დაუწესა

ჩინეთის სუვერენიტეტის დარღვევაზე მითითებით, ოფიციალური პეკინი ამერიკელ კონგრესმენს, წარმომადგენელთა პალატის წევრ ჯიმ მაკგოვერნს სანქციებს უწესებს. ამიზ მიზეზი ამერიკელი კანონმდებლის მიერ ინიცირებული ტიბეტ-ჩინეთის აქტია, რომლის მიზანია ჩინეთ-ტიბეტის დავა მშვიდობიანად გადაწყდეს.

მაკგოვერნის ინიციატივა ჩინეთისთვის მიუღებელია, რადგან პეკინი ტიბეტს „ჩინეთის განუყოფელ ნაწილად“ მიიჩნევს.

ჩინური საინფორმაციო საშუალებების ცნობით, სანქციები შეეხება როგორც უშუალოდ ამერიკელ კანონმდებელს, ასევე მისი ოჯახის წევრებს. სანქციების მიხედვით, ვერც ის და ვერც მისი ოჯახის წევრები ჩინეთში მოგზაურობას ვერ შეძლებენ.

ამას გარდა, გაიყინება ჯიმ მაკგოვერნის აქტივები ჩინეთში, თუკი მას ასეთი რამ გააჩნია. სანქციების გამო, ჩინურ ორგანიზაციებსა და ინდივიდებს ამერიკელ კანონმდებელთან ნებისმიერი სახის კავშირი ეკრძალებათ.

ასევე ნახეთ: ბოლტონი: საქართველოს მთავრობის ზოგიერთი ბოლოდროინდელი გადაწყვეტილება იყო არასწორი, სამწუხარო და საზიანო

„ჩემს წინააღმდეგ ეს აბსურდული სანქციები მხოლოდ იმის ხაზგასმას ემსახურება, თუ როგორ ეშინიათ ჩინეთის კომუნისტური პარტიის ლიდერებს თავისუფალი და ღია დებატების. ისინი ცდილობენ დასაჯონ და გააჩუმონ ისინი, ვინც მათ არ ეთანხმება. მაგრამ, მსოფლიო თვალს ადევნებს იმას, თუ რას აკეთებენ ისინი,“- ამბობს „ამერიკის ხმასთან“ საუბრის დროს კონგრესმენი მაკგოვერნი.

საინფორმაციო სააგენტო „ასოშეიტედ პრესი“ წერს, რომ ჯიმ კაგოვერნს ჩინეთში არანაირი აქტივები არ გააჩნია და არც ადგილობრივ ბიზნეს-გარიგებებშია ჩართული.

მაკგოვერნის ტიბეტ-ჩინეთის აქტი კონგრესმა ივნისში დაამტკიცა, ივლისში კი მას ხელი პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა მოაწერა. აქტი სახელმწიფო დეპარტამენტს ანიჭებს გაზრდილ უფლებამოსილებას, წინააღმდეგობა გაუწიოს ჩინურ დეზინფორმაციას ტიბეტის შესახებ და ხელს უწყობს მხარეებს შორის მოლაპარაკებების განახლებას, ჩინეთის ლიდერებსა და დალაი ლამას შორის. მოლაპარაკებები 2010 წელს შეწყდა და მას შემდეგ მხარეებს შორის შეხვედრა არ შემდგარა.

ასევე ნახეთ: კომუნისტური ჩინეთის "ავტორიტარიზმის ექსპორტი"

„ტიბეტელი ხალხის მიმდინარე ჩაგვრა არის მძიმე ტრაგედია და ჩვენი კანონპროექტი უზრუნველყოფს დამატებით ინსტრუმენტებს, რომლებიც აძლევენ საშუალებას როგორც ამერიკას, ისე საერთაშორისო საზოგადოებას, დადგნენ სამართლიანობისა და მშვიდობის მხარეს“,- თქვა ამერიკელმა კანონმდებელმა მაშინ, როცა ტიბეტ-ჩინეთის აქტი ამერიკის კონგრესმა დაამტკიცა.

უფლებადამცველი ორგანიზაციები და არა მხოლოდ ისინი, ჩინეთს ადანაშაულებენ ტიბეტში ადამიანის უფლებების დარღვევაში. ამერიკელი კონგრესმენი, ტიბეტ-ჩინეთის აქტის ავტორი კი იმედს გამოთქვამს, რომ აქტი ტიბეტში მოქალაქეების უფლებებს გააუმჯობესებს. „ადამიანების უფლებების თაობაზე არ ვიქნები ჩუმად, ამ სანქციას კი ღირსების მედლად აღვიქვამ“, - ეუბნება ჯიმ მაკგოვერი „ამერიკის ხმას“.