სი ძინპინი  აქებს „სარტყელი და გზის„ ინიციატივას და დასავლეთს აკრიტიკებს

ჩინეთში „სარტყელი და გზის“ ინიფიატივის ფორუმი გაიხსნა, სადაც მიწვეულ სტუმრებს ქვეყნის პრეზიდენტმა სი ძინპინმა მიმართა. გამოსვლისას პრეზიდენტმა სიმ ყურადღება გაამახვილა „სარტყელი და გზის“ მნიშვნელობაზე და როლზე, რომელიც აკავშირებს აზიას, აფრიკასა და ევროპას სახმელეთო და საზღვაო მარშრუტებით.

სი ძინპინი ამბობს, რომ 10 წლის წინ დაწყებული გლობალური ინფრასტრუქტურისა და ენერგეტიკული ქსელების პროექტები რეალურ პროექტებად გადაიქცა და აკრიტიკებს დასავლეთის ქვეყნებს ხელოვნური ეკონომიკური შეზღუდვების გამო.

ასევე ნახეთ: "ჩინეთის ტექნო-ავტორიტარიზმის ექსპორტი" - "ჰუავეი" , პოტენციური საფრთხე საქართველოსთვის

„ჩვენ ვეწინააღმდეგებით ცალმხრივ სანქციებს, ეკონომიკურ იძულებას, მიწოდების ჯაჭვის შეფერხებას“,- თქვა სი ძინპინმა გამოსვლის დროს და გააკრიტიკა დასავლეთის ქვეყნები ჩინეთის ეკონომიკაზე დამოკიდებულების შესამცირებლად გადადგმული ნაბიჯების გამო.

„ჩვენი ცხოვრება არ იქნება უკეთესი და ჩვენი განვითარება არ იქნება უფრო სწრაფი, თუ სხვების განვითარებას განვიხილავთ, როგორც საფრთხეს და ეკონომიკურ ურთიერთდამოკიდებულებას - როგორც რისკს“, - თქვა ჩინეთის პრეზიდენტმა.

დასავლეთის ქვეყნებში იზრდება სკეპტიციზმი ჩინური ინიციატივებისა და ინვესტიციების კუთხით, ყურადღება მახვილდება უსაფრთხოების საკითხებზე. თუმცა ევროპული ქვეყნების ლიდერები მკაფიოდ ამბობენ, რომ მათი მიზანი „რისკების შემცირებაა“ და არა „განშორება“ ჩინეთისგან. ევროპის მიზანია მოახდინოს მიწოდების ჯაჭვების დივერსიფიკაცია და არ იყვნენ დამოკიდებული მსოფლიოს სიდიდით მეორე ეკონომიკაზე.

ანალიტიკოსების შეფასებით სკეპტიციზმს და შიშებს აღვივებს ისიც, რომ ჩინეთი ღიად ემუქრება ტაივანს, ჩინეთზე დამოკიდებულების შემცირების ერთ-ერთ საბაბად კი პანდემიის დროს ჩინეთთან ვაჭრობის შეფერხება სახელდება.

ასევე ნახეთ: არის თუ არა თანხვედრაში ჩინეთთან სტრატეგიული პარტნიორობა საქართველოს ევროპულ გზასთან

სააგენტო „როიტერი“ ანალიტიკოსებთან საუბარზე დაყრდნობით წერს, რომ ჩინეთის „სარტყელი და გზის“ ინიციატივამ, ზოგიერთი ღარიბი ქვეყანა მნიშვნელოვნად დააზარალა. აღებული სესხების დიდი ნაწილის დაფარვა შეუძლებელია.

ინდონეზიას 20 მილიარდ დოლარზე მეტი ვალი აქვს აღებული, ქვეყნის პრეზიდენტმა ფორუმზე გამოსვლის დროს თქვა, რომ „სარტყელი და გზის“ ინიციატივაში მოქცეულმა პროექტებმა „არ უნდა გაართულოს ქვეყნების ფისკალური მდგომარეობა“.

ფორუმი, რომელიც სი ძინპინმა გახსნა 130-ზე მეტი ქვეყნის წარმომადგენელი ესწრებოდა, განსაკუთრებული ყურადღების ქვეშ იყო რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი, რომელსაც ჩინეთის პრეზიდენტი „ძვირფას მეგობრად“ მოიხსენიებს.

სი ძინპინის გამოსვლისას ვლადიმირ პუტინი სხვა მიწვეულ სტუმრებთან ერთად ჩინეთის პოლიტბიუროს, მაღალი რანგის ოფიციალურ პირებთან ერთად დარბაზის წინა რიგში იმყოფებოდა.

მიუხედავა იმისა, რომ „სარტყელი და გზის“ ინიციატივის მიზანია ჩინეთი ევროპას დააკავშიროს, ფორუმს ევროკავშირის ლიდერები არ ესრებოდნენ. ევროკავშირის ქვეყნებიდან ერთადერთი ვინც ფორუმში მონაწილეობა მიიღო უნგრეთის პრემიერ-მინისტრი, ვიქტორ ორბანი იყო.

ფორუმს ესრებოდა ავღანეთის თალიბანის ადმინისტრაციის ვაჭრობის მინისტრი ჰაჯი ნურუდინ აზიზი.

„ჩინეთს ახლა მეტი ინტერესი აქვს ავღანეთის განვითარებაში, ამიტომ ჩვენ უფრო მეტად ვართ დამოკიდებული ჩინეთზე. ჩინელებს მეტი ეკონომიკური დაინტერესება აქვთ, ამიტომ ჩვენ აქ ვართ“,- თქვა აზიზმა ჟურნალისტებთან საუბრისას.