ლიეტუვა-ჩინეთს შორის ურთიერთობა ტაივანის გამო გართულდა

ტაივანის წარმომადგენლობა ლიეტუვაში. 18 ნოემბერი, 2021.

ჩინეთმა ლიეტუვას უკმაყოფილების სიგნალი გაუგზავნა. პეკინმა ვილნიუსიდან ელჩი გაიწვია, დიპლომატიურ მისიაში კი ხელმძღვანელის რანგი შეცვალა. საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ლიეტუვასთან საგარეო ურთიერთობებს ახლა ჩინეთის სპეციალური წარმომადგენელი მართავს, რომელიც ელჩის შემდეგ რანგით მეორე დიპლომატია.

ურთიერთობა ორ ქვეყანას შორის მას შემდეგ დაიძაბა, რაც ბალტიისპირეთის ამ ქვეყანაში ტაივანის წარმომადგენლის ოფისი გაიხსნა. ტაივანს ჩინეთი საკუთარ ტერიტორიად განიხილავს, იმის მიუხედავად, რომ კუნძულოვან ქვეყანას 1949 წლიდან საკუთარი მმართველობა ჰყავს, რომელიც ოფიციალურად პეკინის დაქვემდებარებაშია.

ასევე ნახეთ: ტაივანში ჩინეთის აგრესიამ შესაძლოა სმარტფონების და მანქანების წარმოება შეაჩეროს

ცოტა ხნით ადრე, ჩინეთმა ქვეყნიდან ლიეტუვის ელჩი გააძევა. პეკინის განცხადებით, მას საგარეო ურთიერთობების მართვის უფლება არ აქვს. საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ლიეტუვის ქმედება "ძირს უთხრის ჩინეთის სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას". პეკინმა ვილნიუსს მოუწოდა, "სასწრაფოდ გამოასწოროს დაშვებული შეცდომები".

ტაივანთან ურთიერთობას დღეს ბევრი ქვეყანა აღრმავებს. მას დემოკრატიულად არჩეული მთავრობა ჰყავს და უმაღლესი ტექნოლოგიების ინდუსტრიაში, ერთ-ერთ წამყვან სავაჭრო პარტნიორად ითვლება. პარალელურად, აშკარად იკვეთება დასავლეთის სახელმწიფოების მზარდი გაღიზიანება, ჩინეთის საგარეო და სამხედრო ინტერესების გაფართოების გამო.

პეკინი უარს ამბობს ოფიციალურ ურთიერთობებზე იმ სახელმწიფოებთან, რომლებიც ტაივანის სუვერენიტეტს აღიარებენ. ჩინეთმა 15 ქვეყანას ეს ნაბიჯი გადააფიქრებინა. მათი უმრავლესობა აფრიკის და სამხრეთ ამერიკის ღარიბი ქვეყნებია.

ასევე ნახეთ: უფლებადამცველები პეკინის ზამთრის ოლიმპიადის ბოიკოტს ითხოვენ