ხუთშაბათს, 5 იანვარს, ჩინეთმა გააგრძელა საკუთარი პოზიციების დაცვა კოვიდ-19-ის აფეთქებაზე რეაგირებასთან დაკავშირებით. ამ საკითხზე მზარდ საერთაშორისო შეშფოთებას, ამერიკის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი და ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაც (ჯანმო) შეუერთდა. ისინი ფიქრობენ, რომ პეკინი ინფიცირების და სიკვდილობის მონაცემებს სრულად არ აქვეყნებს.
ჩინეთის ოფიციალური პირები მონაცემებს რამდენიმე ფრონტზე არასრულად აქვეყნებენ - განაცხადა ოთხშაბათს მაიკ რაიანმა, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში საგანგებო ვითარებების დირექტორმა. ეს გაეროს ჯანდაცვის სააგენტოს ერთ-ერთი ყველაზე კრიტიკული შენიშვნაა, რომელიც პანდემიის განმავლობაში პოლიტკორექტულობით გამორჩეულმა ორგანიზაციამ ჩინეთის მისამართით გამოთქვა.
ჯანმოს განცხადებიდან რამდენიმე საათის შემდეგ, შეშფოთება გამოთქვა ამერიკის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა. ჟურნალისტებთან საუბარში მან აღნიშნა, რომ პეკინი არასაკმარისად გამჭვირვალეა პანდემიის მონაცემების გამჟღავნების საქმეში. კრიტიკა ისმის ევროკავშირის ლიდერებისგანაც, მათ შორის გერმანიის ჯანდაცვის მინისტრ კარლ ლაუტერბახისგან, რომელიც შიშობს, რომ მზარდი ინფიცირება ვირუსის ახალი ვარიანტების გაჩენას გამოიწვევს.
ასევე ნახეთ: ჩინეთში კოვიდსიტუაციის გამო, შეშფოთება გლობალურად იზრდებაგასულ თვეში მზარდი საპროტესტო აქციების ფონზე, ჩინეთმა მოხსნა "ნულოვანი კოვიდის" პოლიტიკით გათვალისწინებული რეგულაციები. ამ ნაბიჯმა კორონავირუსის ინფექციის დიდი აფეთქება გამოიწვია 1.4 მილიარდიან ქვეყანაში. საერთაშორისო ჯანდაცვის სპეციალისტები ვარაუდობენ, რომ ჩინეთში კორონავირუსით დაღუპულთა რიცხვი შეიძლება მილიონამდე გაიზარდოს.
კრიტიკაზე პასუხად, ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრის პრესსპიკერმა მაო ნინგმა განაცხადა, რომ პეკინი გამჭვირვალედ და სწრაფად გადასცემს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციას კოვიდ-19-ით ინფიცირების და სიკვდილობის მონაცემებს. მისი თქმით, ჩინეთში "ეპიდემიური სიტუაცია კონტროლირებადია".
ჩინეთის ბევრი საავადმყოფო და დაკრძალვის ბიურო იტყობინება, რომ იქ სამუშაოს მოცულობასთან გამკლავება უკვე ძალიან უჭირთ. თუმცა, ოფიციალურმა პეკინმა ოთხშაბათს სიკვდილობის მხოლოდ ერთი ფაქტი აღრიცხა. ერთი დღით ადრე კი - 5. ქვეყანაში პანდემიის დასაწყისიდან დღემდე კოვიდ-19-ის გართულებებით 5 259 ადამიანი გარდაიცვალა.
ასევე ნახეთ: ჩინეთის საავადმყოფოებში საწოლებს ამატებენ, ინფიცირების შემთხვევები მატულობს