სამშაბათს, ევროკავშირის პრეს-მდივანმა თქვა, რომ ჩინეთმა ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის ხელმძღვანელის, ჯოზეფ ბორელის მომავალი კვირისთვის დაგეგმილი ვიზიტი გააუქმა.
გაუქმების მიზეზი არ დასახელებულა. ეს ხდება იმ დროს, როდესაც ევროპა ცდილობს შეამციროს ჩინეთთან მჭიდრო ეკონომიკური ურთიერთობით შექმნილი რისკები. ბრიუსელი ჩინეთს „ეკონომიკურ კონკურენტს და სისტემურ მეტოქეს“ უწოდებს.
ასევე ნახეთ: ბორელი რუსეთისთვის დამატებითი სანქციების პირობას დებსპრეს-მდივანმა ნაბილა მასსრალიმ სააგენტო „როიტერს“ წერილობითი განცხადებით შეატყობინა: „სამწუხაროდ, ჩინელმა კოლეგებმა შეგვატყობინეს, რომ მომავალ კვირაში გათვალისწინებული თარიღების გამოყენება აღარ არის შესაძლებელი და ახლა ალტერნატივები უნდა ვეძებოთ.“
ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს კომენტარის თხოვნაზე პასუხი ჯერ არ გაუცია.
ჩინეთში ევროკავშირის ელჩმა თქვა, რომ ბორელი პეკინში 10 ივლისს თავის ჩინელ კოლეგას უნდა შეხვედროდა და „სტრატეგიულ საკითხებზე,“ მათ შორის ადამიანის უფლებებზე და უკრაინაში რუსეთის ომზე ემსჯელა.
ამ წელიწადში ჩინეთში ბორელის ვიზიტი მეორედ უქმდება. მან აპრილში გამგზავრება ვერ შეძლო, რადგან კოვიდ-19 ტესტმა დადებითი შედეგი უჩვენა. პეკინში, აპრილში წარმოსათქმელად გამზადებულ სიტყვაში ბორელმა თქვა, რომ ევროკავშირი ჩინეთს ვერ ენდობა, თუ მას უკრაინაში მშვიდობის დამყარება არ სურს.
თებერვალში გამოქვეყნებულ ოფიციალურ პოზიციაში ჩინეთმა განაცხადა, რომ უკრაინაში მშვიდობის დამყარებაში შუამავლობა სურს.