ჩინეთში ბრიტანეთის 2 მოქალაქეს ასამართლებენ

პიტერ ჰემფრის და მისი მეუღლის სახელი ფარმაკოლოგიური კომპანია „ჯი-ეს-ქეის“ ქრთამის აღების სკანდალს უკავშირდება
ჩინეთის ხელისუფლება ბრიტანეთის ორ მოქალაქეს ინფორმაციის არალეგალურ ყიდვა-გაყიდვაში ადანაშაულებს. პიტერ ჰემფრი და მისი მეუღლე ინგზენგ იუ ივლისში დააპატიმრეს. ოფიციალური წყაროების მიხედვით, მათი საქმე ჩინეთში გახმაურებულ გამოძიებას უკავშირდება, რომელიც ცნობილ ფარმაკოლოგიურ კომპანიას, „ჯი-ეს-ქეის“ (გლაქსო სმით ქლაინი GSK-GlaxoSmithKline) ქრთამის მიცემაში ადანაშაულებს.

ბრალდების მიხედვით, წყვილი, რომელსაც საკუთარი რისკების მართვის კომპანია აქვს, კორპორატიულ კლიენტებზე, მათ შორის „ჯი-ეს-ქეიზეც“ მუშაობდა. ისინი ჩინეთის მოქალაქეების შესახებ პირად ინფორმაციას არალეგალურად ყიდულობდნენ. მათ შორის, კერძო ქონების, მოგზაურობის, ოჯახის წევრების შესახებ არსებულ ინფორმაციას აგროვებდნენ და შემდეგ მათ მაღალ ფასებში დიდ კორპორაციებზე, იურიდიულ ფირმებზე და სხვებზე ყიდდნენ. მთავრობის მიერ კონტროლირებადი მედია ასევე იუწყება, რომ პატიმრებმა დანაშაული უკვე აღიარეს.