რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ ჩეჩნურ ძალებთან კონტრაქტი გააფორმა

რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ ორშაბათს განაცხადა, რომ ჩეჩნეთის სპეციალური დანიშნულების ძალებთან, „ახმატის ჯგუფთან“ კონტრაქტს მოაწერა ხელი. ჯგუფს ხშირად უწოდებენ რუსეთის ჩეჩნეთის რეგიონის ლიდერის რამზან კადიროვის კერძო არმიას. კადიროვმა კონტრაქტს ხელი მას შემდეგ მოაწერა, რაც რუსეთის კერძო სამხედრო „ვაგნერის ჯგუფის“ მეთაურმა ევგენი პრიგოჟინმა კონტრაქტზე უარი თქვა.

ხელმოწერა მოჰყვა გადაწყვეტილებას, რომ ყველა "მოხალისე ქვედანაყოფმა" 1 ივლისამდე უნდა გააფორმოს კონტრაქტები სამინისტროსთან. ქვედანაყოფები შედეგად, თავდაცვის მინისტრის სერგეი შოიგუს ზედამხედველობის ქვეშ მოექცევიან. სანაცვლოდ, მოხალისე მებრძოლები მიიღებენ იგივე სარგებელსა და დაცვას, როგორც რეგულარული ჯარები, მათ შორის, ოჯახების მხარდაჭერას, თუ ისინი დაიჭრებიან ან დაიღუპებიან.

ასევე ნახეთ: რუსეთი სამხრეთ უკრაინაში მძიმე ბრძოლის შესახებ იტყობინება, უკრაინა კონტრშეტევაზე დუმს

პრიგოჟინმა, რომელსაც უთანხმოება აქვს თავდაცვის სამინისტროსთან და ადანაშაულებს შოიგუს უკრაინაში მისი დაქირავებული მებრძოლებისთვის არაადეკვატური საბრძოლო მასალის მიწოდებაში, კვირას განაცხადა, რომ უარს იტყოდა მსგავსი კონტრაქტის ხელმოწერაზე.

მისი თქმით, შოიგუს "არ შეუძლია სათანადოდ მართოს სამხედრო ფორმირებები".

პრიგოჟინისგან განსხვავებით, კადიროვი ბოლო დროს თავდაცვის სამინისტროს კრიტიკისგან თავს იკავებს. ორი ჯგუფის წევრები ღია დაპირისპირებაში არიან ერთმანეთთან. ხუთშაბათს კადიროვის ერთ-ერთმა ახლო მოკავშირემ პრიგოჟინი შეაფასა, როგორც ბლოგერი, რომელიც უბრალოდ პრობლემებზე ყვირის.

ასევე ნახეთ: "ვაგნერის" ლიდერი ამბობს, რომ რუსული ტაქტიკა ბახმუტთან მეტ მსხვერპლს გამოიწვევს

„ახმატის“ მეთაურმა აპტი ალაუდინოვმა, რომელიც მონაწილეობდა ხელშეკრულების ხელმოწერაში, თქვა, რომ ბოლო 15 თვის განმავლობაში ქვედანაყოფმა "მოამზადა და გაგზავნა ათიათასობით მოხალისე" უკრაინაში.

მოსკოვმა პარასკევს განაცხადა, რომ „ახმატის“ ძალები აღმოსავლეთ უკრაინის დონეცკის რეგიონში, ქალაქ მარინკას მახლობლად აწარმოებენ შეტევას.