შარლ მიშელი სამშაბათს თბილისს ეწვევა

რადიო თავისუფლების ინფორმაციით, თბილისში ვიზიტის შესახებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა თავად განაცხადა 19 აპრილს საქართველოს პრეზიდენტის სასახლეში ქართველი პოლიტიკოსების მიერ შეთანხმების დოკუმენტზე ხელმოწერის დასრულდების შემდეგ:

„სიამოვნებით მინდა განვაცხადო, რომ ხვალ ჩამოვდივარ საქართველოში ყველა თქვენგანთან შესახვედრად. აგრეთვე იმისთვის, რომ გამოვხატო ნდობა და თქვენთან ერთად განვიხილო, როგორ გადავდგათ მეტი ნაბიჯი ერთად საქართველოსა და ევროკავშირს შორის კავშირების გასაძლიერებლად. მოუთმენლად ველი თქვენთან ხვალინდელ შეხვედრას. მადლობა და საუკეთესოს გისურვებთ“.

„ეს შეთანხმება არ არის ფინიშის ხაზი. ეს შეთანხმება არის საწყისი წერტილი თქვენი მუშაობისა, საქართველოს დემოკრატიის კონსოლიდაციისთვის“ - ასე აფასებს შარლ მიშელი მიღწეულს - „ეს არის კრიზისის მოგვარების ჭეშმარიტად ევროპული გზა“, - აღნიშნა მან.
შარლ მიშელმა მადლობა გადაუხადა ხელმოწერის ცერემონიის ყველა მონაწილეს:

„ყველა თქვენგანს გიხდით მადლობას თქვენი მონდომებისა და სიმამაცისთვის, რომ საქართველოს ინტერესებისთვის გვერდზე გადადეთ თქვენი განსხვავებები“.

ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა მადლიერება გამოხატა დიპლომატიური გუნდის მიმართ, მათი დაუღალავი შრომისთვის.

შარლ მიშელმა მიმართა საქართველოს პრემიერმინისტრსა და პოლიტიკურ ლიდერებს - „მადლობელი ვარ პრემიერმინისტრის, მისი ხედვისა და თქვენი, პოლიტიკურო ლოდერებო და ოპოზიციის არჩეულო წევრებო, თქვენი სიმამაცისა და გაბედული პოლიტიკური არჩევნის გამო“.

ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, მადლობა გადაუხადა საქართველოს პრეზიდენტს:

„ჩვენ მჭიდრო კონტაქტი გვქონდა ამ ხნის განმავლობაში. თქვენ მიზიარებდით რჩევას და ეს იყო ძალიან სასარგებლო ჩემთვის“.