ღაზის სექტორზე ისრაელის თავდასხმას 19 ადამიანი ემსხვერპლა, მათ შორის - ბავშვები

Aftermath of an Israeli strike on a house in Nuseirat, central Gaza Strip

ღაზის სექტორზე ისრაელის იერიშის შედეგად 19 ადამიანი დაიღუპა, იტყობინებიან ექიმები. საავადმყოფო კამალ-ადვანის თანახმად, დევნილების საცხოვრებელ სახლზე თავდასხმის შედეგად დაღუპულთა გვამები მან მიიღო.

ბეიტ-ლახიაში მდებარე ამ საავადმყოფოს ცნობით, დაღუპულთა შორისაა რვასულიანი ოჯახი - ოთხი ბავშვი, მათი მშობლები, ასევე ბაბუა და ბებია.

ისრაელის არმიას, რომელმაც გასული წლის ოქტომბერში "ჰამასის" თავდასხმის შემდეგ, ღაზის წინააღმდეგ ომი დაიწყო, კომენტარი არ გაუკეთებია.

ალ-ავდას საავადმყოფოს ცნობით კი, ნუსეირატში - დევნილთა ბანაკზე თავდასხმის შედეგად, სულ მცირე, შვიდი ადამიანი დაიღუპა. დაღუპულთა შორის არიან ორი ბავშვი, მათ მშობლები და სამი ნათესავი.

ისრაელის მონაცემებით, 2023 წლის 7 ოქტომბრის თავდასხმისას 1200-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა, 250-ზე მეტი კი "ჰამასის" ტყვე აღმოჩნდა, მათ შორის ბავშვები და ხანდაზმულები. ასამდე მძევალი კვლავ ღაზაშია, ვარაუდობენ, რომ მათი მესამედი მკვდარია. "ჰამასი" ამერიკის შეერთებულ სტატებსა და ევროკავშირის ბევრ ქვეყანას ტერორისტულ ორგანიზაციად ჰყავს გამოცხადებული.

ღაზის სექტორში ისრაელის საჰაერო და სახმელეთო თავდასხმებს, ადგილობრივი ჯანდაცვის სამსახურის მონაცემებით, რომელსაც "ჰამასი" აკონტროლებს, 44 ათასი პალესტინელი ემსხვერპლა. ამავე ცნობით, დაღუპულთა ნახევარზე მეტი ქალები და ბავშვები არიან, მაგრამ ამ მონაცემებში ცალკე არაა გამოყოფილი მეომრებისა და სამოქალაქო პირების რაოდენობა.

ისრაელი ამტკიცებს, რომ მან 17 ათასი მებრძოლი მოკლა, მაგრამ ამ რაოდენობის დამადასტურებელი მტკიცებულებები ამ დრომდე არ წარმოუდგენია.