ოფიციალური პირები, ისრაელსა და "ჰეზბოლას" შორის ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების გარდაუვლობაზე საუბრობენ

კვამლი ბეირუთის სამხრეთ გარეუბანზე, 2024 წლის 26 ნოემბერს, ისრაელის საჰაერო თავდასხმის შემდეგ, ისრაელსა და "ჰეზბოლას" შორის მიმდინარე ომის ფონზე.

ისრაელისა და ლიბანის ოფიციალურმა პირებმა განაცხადეს, რომ ისრაელი და ირანის მიერ მხარდაჭერილი „ჰეზბოლა“, სამშაბათს, ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებას მიაღწევენ. ოფიციალურ პირებს და მიმომხილველებს სწამთ, რომ ეს შეთანხმება გზას გაუხსნის კონფლიქტის დასასრულს, რომელსაც ათასობით ადამიანი შეეწირა მას შემდეგ, რაც ისრაელზე „ჰამასის“ თავდასხმის საპასუხოდ, 14 თვის წინ, ღაზაში ომი დაიწყო.

დღესვე, იგეგმება პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს ხელმძღვანელობით, ისრაელის უსაფრთხოების კაბინეტის შეკრება, სადაც, ისრაელელი მაღალჩინოსნის განცხადებით, ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების ტექსტს დაამტკიცებენ. საინფორმაციო სააგენტო „როიტერს“, ოთხმა ლიბანელმა მაღალჩინოსანმა განუცხადა, რომ ეს გზას გაუხსნის აშშ-ისა და საფრანგეთის პრეზიდენტებს, ჯო ბაიდენსა და ემანუელ მაკრონს, ცეცხლის შეწყვეტის შესახებ გამოაცხადონ.

ასევე ნახეთ: "ჰიუმან რაითს ვოჩი": ისრაელის იერიში, რომელმაც 3 ჟურნალისტი შეიწირა, დიდი ალბათობით, მიზანმიმართული იყო

რომში გამართულ კონფერენციაზე, ლიბანის საგარეო საქმეთა მინისტრმა, აბდალა ბუ ჰაბიბმა იმედი გამოთქვა, რომ შეთანხმება სამშაბათს ღამით დაიდება.

წინასწარი ინფორმაციით, შეთანხმება მოითხოვს ისრაელის ჯარების გაყვანას სამხრეთ ლიბანიდან, რეგიონში კი, რომელიც „ჰეზბოლას“ დასაყრდენია, 60 დღის განმავლობაში, ლიბანის არმია უნდა განლაგდეს. ეს ნიშნავს, რომ მდინარე ლიტანის სამხრეთ საზღვრის გასწვრივ, „ჰეზბოლა“ შეიარაღებულ ყოფნას დაასრულებს.

ლიბანის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, სამხრეთ ლიბანში, მინიმუმ, 5000 ლიბანელი ჯარისკაცი განლაგდება მას შემდეგ, რაც ისრაელის ჯარები იქიდან გავა. ამასთან, ლიბანის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, შესაძლოა შეერთებულმა შტატებმა, ისრაელის დარტყმების შედეგად განადგურებული ინფრასტრუქტურის აღდგენაში, გარკვეული როლი შეასრულოს.

ისრაელი, ლიბანთან ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების, გაეროს ეფექტურ აღსრულებას მოითხოვს. ასევე აცხადებს, რომ შეთანხმების მიღწევის შემდეგ, ნებისმიერი დარღვევის მიმართ, „ნულოვან ტოლერანტობას“ გამოიჩენს. ამის შესახებ, ისრაელის თავდაცვის მინისტრმა, ისრაელ კაცმა განაცხადა.

ლიბანთან შეთანხმება, უზრუნველყოფს ქვეყანაში ისრაელის მოქმედების თავისუფლებას შენარჩუნებას, რათა მიიღოს თავდაცვითი ზომები „ჰეზბოლას“ მიერ წარმოქმნილი საფრთხეების მოსაგვარებლად, განაცხადა ისრაელის მთავრობის სპიკერმა, დევიდ მენსერმა. მისივე თქმით, შეთანხმება ასევე უზრუნველყოფს ჩრდილოეთ ისრაელში, იძულებით გადაადგილებული პირების უსაფრთხოდ დაბრუნებას.

დიპლომატიური გარღვევის ნიშნებს თან ახლდა სამხედრო ესკალაცია. სამშაბათს, ისრაელმა საჰაერო თავდასხმები განახორციელა ბეირუთის „ჰეზბოლას“ მიერ კონტროლირებად სამხრეთ გარეუბნებზე, ხოლო თავად „ჰეზბოლა“, განაგრძობს რაკეტების სროლას ისრაელის მიმართულებით.

გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესმა კომისარმა, შეშფოთება გამოთქვა ლიბანში ბრძოლების ესკალაციის გამო, სადაც, მისი ოფისის ცნობით, ისრაელის საჰაერო თავდასხმებმა, ბოლო დღეებში, 100-მდე ადამიანი იმსხვერპლა, მათ შორის ქალები, ბავშვები და ექიმები.

ისრაელი აცხადებს, რომ ლიბანსა და ღაზის სექტორში, მისი სამიზნე სამხედრო რესურსებია და ზომებს იღებს, მშვიდობიანი მოსახლეობისთვის რისკის შესამცირებლად. ისრაელი აცხადებს, რომ „ჰეზბოლა“ ლიბანში, „ჰამასი“ კი ღაზის სექტორში, ფარად მშვიდობიან მოსახლეობას იფარებენ, რასაც ორივე დაჯგუფება, უარყოფს.