ძალიან მალე დამატებით მილიონობით ამერიკელს მიეცემა კოვიდ-19-ის ვაქცინის გამაძლიერებელი დოზის მიღების საშუალება. ხუთშაბათს, აშშ-ის დაავადებათა კონტროლის და პრევენციის ცენტრთან (CDC) მომუშავე, დამოუკიდებელ მრჩეველთა საბჭომ რეკომენდაცია კიდევ ორი კომპანიის ვაქცინის ე.წ. ბუსტერზე გასცა. ესენია "მოდერნა" და "ჯონსონი და ჯონსონი".
მას შემდეგ, რაც საბოლოო სიტყვას დაავადებათა კონტროლის და პრევენციის ცენტრი იტყვის, შესაძლებელი გახდება ვაქცინის დამატებითი დოზების შერევაც. როგორც წესი, CDC მრჩეველთა საბჭოს ექსპერტების რეკომენდაციას მიჰყვება. ე.წ. ბუსტერ-დოზები საგანგებო ავტორიზაციის აქტის საფუძველზე დამტკიცდება.
ასევე ნახეთ: FDA-ს მრჩეველთა საბჭო "მოდერნას" ბუსტერს მხარს უჭერსაქამდე მოსახლეობის მხოლოდ გარკვეულ ჯგუფს ჰქონდა წვდომა "ფაიზერის" ვაქცინის გამაძლიერებელ დოზაზე - მარტო მათ, ვინც იმავე ფარმაცევტული კომპანიის ორდოზიანი ვაქცინით აიცრა და ამავე დროს, კოვიდ-19-ის მაღალი რისკის ჯგუფებში იყვნენ. ახლა "ფაიზერის" და "მოდერნას" ორდოზიანი და "ჯონსონი და ჯონსონის" ერთდოზიანი ვაქცინითაც შესაძლებელი ხდება გამაძლიერებეი დოზის მიღება მათთვის, ვინც ამერიკაში ავტორიზებული ამ ვაქცინებიდან ერთ-ერთი მაინც გაიკეთა და რისკ-ჯგუფების კრიტერიუმებსაც აკმაყოფილებს.
აშშ-ის სურსათის და მედიკამენტების ადმინისტრაციამ (FDA) იგივე რეკომენდაცია ერთი დღით ადრე, ოთხშაბათს გასცა. „კარგია, როცა არსებობს შესაძლებლობა ვაქცნების ჩანაცვლება-შერევის. ეს იმის მსგავსია, რასაც ვირუსული გრიპის ვაქცინის შემთხვევაში ვაკეთებთ. ადამიანების უმეტესობამ არ იცის, რა ბრენდის გრიპის ვაქცინა მიიღეს“ - აცხადებს FDA-ის წარმომადგენელი, ექიმი პიტერ მარქსი.
"ჯოსნსონი და ჯონსონის" ვაქცინის ე.წ. ბუსტერის დამტკიცების საკითხი თავიდან კითხვის ნიშნის ქვეშ იდგა. კვლევების მიხედვით, ის შედარებით ნაკლებად ეფექტურია, ვიდრე კონკურენტი ფარმაცევტული კომპანიების - "ფაიზერის" და "მოდერნას" - კოვიდ-19-ის ვაქცინის გამაძლიერებელი დოზა. თუმცა, "ჯონსონი და ჯონსონის" ვაქცინასაც უსაფრთხოების და ეფექტურობის საკმარისად მაღალი მაჩვენებლები აქვს და დამოუკიდებელმა ექსპერტებმა მისი დამტკიცება მიზანშეწონილად ჩათვალეს.
ასევე ნახეთ: "ჯონსონი და ჯონსონის" ე.წ. ბუსტერის ეფექტურობა კითხვის ნიშნის ქვეშაარაც შეეხება კრიტერიუმებს, CDC-ის მრჩეველთა საბჭომ „მოდერნას“ და „ჯონსონი და ჯონსონის“ ბუსტერებისთვისაც ძალაში იგივე მოთხოვნები დატოვა, რაც „ფაიზერის“ დამატებითი დოზისთვის იყო გათვალისწინებული. კოვიდ-19-ის ვაქცინის გამაძლიერებელი დოზის გაკეთებისკენ მოუწოდებენ 65 წლის ზევით ადამიანებს, მოხუცებულთა სახლების ბინადრებს, ან მათ, ვინც 50 წელს გადაცილებულია და ინფიცირების შემთხვევაში, დაავადების მწვავე ფორმის რისკი აქვს.
ამ უკანასკნელ კატეგორიაში ადამიანი შეიძლება მოხვდეს ჯანმრთელობის სხვადასხვა პრობლემის, სამუშაო ადგილის, ან საცხოვრებელი ადგილის გამო. ასეთთა რიცხვს მიეკუთვნებიან მაგალითად, ჯანდაცვის მუშაკები, მასწავლებლები, პენიტენციალური დაწესებულებების ბინადარნი თუ თანამშრომლები და უსახლკაროთა თავშესაფარში მცხოვრები ადამიანები.