შეერთებული შტატების დაავადებათა კონტროლის და პრევენციის ცენტრი (CDC) დღეს 5-11 წლის ბავშვებში კოვიდ-19-ის ვაქცინის ავტორიზებაზე იმსჯელებს. დამოუკიდებელ ექსპერტთა ჯგუფი ამ ასაკობრივ ჯგუფში "ფაიზერ-ბიონტექის" ვაქცინის ეფექტურობის და უსაფრთხოების მონაცემებს განიხილავს.
დადებითი გადაწყვეტილების შემთხვევაში, ყველაფერი მზად არის იმისთვის, რომ ვაქცინაცია ხვალვე დაიწყოს, - აცხადებს თეთრი სახლის საკოორდინაციო საბჭო. საგანგებო გამოყენების ავტორიზაციის აქტის საფუძველზე, აშშ-ის სურსათის და მედიკამენტების ადმინისტრაციამ (FDA) "ფაიზერ-ბიონტექის" კოვიდ-19-ის ვაქცინა ბავშვებში პარასკევს, 29 ოქტომბერს დაამტკიცა.
დაავადებათა კონტროლის და პრევენციის ცენტრი, როგორც წესი, მიჰყვება ვაქცინაციის საკითხებში მრჩეველთა კომიტეტის (ACIP) რეკომენდაციებს. თუმცა, გასულ თვეში მათი რჩევა ბოლომდე არ გაითვალისწინეს, როცა საქმე ვაქცინის გამაძლიერებელ დოზას შეეხებოდა. CDC-ის ხელმძღვანელებმა ე.წ. ბუსტერების იმაზე ფართო მასშტაბით გამოყენება გადაწყვიტა, ვიდრე სპეციალისტთა დამოუკიდებელი პანელის მიერ იყო რეკომენდებული.
ასევე ნახეთ: FDA-მ 5-11 წლის ბავშვებში "ფაიზერის" კოვიდ-19-ის ვაქცინა დაამტკიცა"შემდეგი რამდენიმე დღის მანძილზე, მილიონობით დოზა მიეწოდება პედიატრებს, ოჯახის ექიმთა ოფისებს, აფთიაქებს, ბავშვთა საავადმყოფოებს, საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრებს, გარეუბნებში მდებარე ჯანდაცვის კლინიკებს და სხვა ადგილებს" - განაცხადა ორშაბათს ჯეფ ზენცმა, თეთრი სახლის კოორდინატორმა კორონავირუსზე რეაგირების საკითხებში. მისი თქმით, "ფაიზერ-ბიონტექის" ვაქცინა ხელმისაწვდომი იქნება 5-დან 11 წლამდე ასაკის მილიონობით ბავშვისთვის.
CDC-ის გადაწყვეტილება დაახლოებით 28 მილიონ ამერიკელ ბავშვს შეეხება. მათი უმრავლესობა სკოლებში ფიზიკურად დაბრუნდა და შესაბამისად, ამ ასაკობრივი ჯგუფის მიერ კორონავირუსის გავრცელების რისკები კვლავ მაღალია. მართალია, ბავშვებში კოვიდ-19-ით ჰოსპიტალიზაცია და სიკვდილობა უფროსებთან შედარებით ნაკლებად ხდება, მაგრამ რისკები არსებობს და სიკვდილობის მაჩვენებელი დელტა ვარიანტის გავრცელებასთან ერთად, იზრდება.
ამერიკული "ფაიზერის" და გერმანული "ბიონტექის" მიერ შემუშავებული ვაქცინის საბავშვო დოზა 10 მიკროგრამს შეადგენს. 12 წლის და ზევით ასაკობრივ ჯგუფში კი ვაქცინის 30-მიკროგრამიანი დოზაა გათვალისწინებული. დაავადებათა კონტროლის და პრევენციის ცენტრმა 12-დან 16 წლამდე მოზარდებში ვაქცინის გამოყენება საგანგებო ავტორიზაციის აქტის საფუძველზე 2021 წლის მაისში დაამტკიცა.
ასევე ნახეთ: საქართველო: კოვიდ-19-ით გარდაცვლილთა რიცხვმა 10 000-ს გადააჭარბა