სააგენტო "როიტერის" ცნობით, იანვარში, პეკინში ვიზიტის შემდეგ საკუთარ ოფისში დაბრუნებულ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ხელმძღვანელს სურდა, საჯაროდ შეექო ჩინეთის მმართველები იმ პირველი ნაბიჯებისთვის, რომელიც მათ ახალი კორონავირუსის საპასუხოდ გადადგეს. საქმეში ჩახედული პირის ცნობით, რამდენიმე მრჩეველმა ორგანიზაციის ხელმძღვანელს ტონის შერბილება ურჩია.
პრეზიდენტ სი ძინ პინთან და ჩინელ მინისტრებთან შეხვედრის შემდეგ, ვირუსის შესახებ მათი ცოდნა და ჩინეთში ბევრი სიკვდილის გამომწვევი დაავადების შესაკავებელი ძალისხმევა, ტედროს ადჰანომ გებრეიესუსისთვის ძლიერ შთამბეჭდავი აღმოჩნდა.
მრჩევლებმა ტედროსს, ჩინეთის ქებისას უფრო თავშეკავებული ლექსიკის გამოყენებისკენ მოუწოდეს, რადგან არ იცოდნენ ეს გარედან როგორ აღიქმებოდა. მაგრამ გენერალური დირექტორი თავის პოზიციაზე მტკიცედ იდგა, ნაწილობრივ იმის გამოც, რომ ვირუსის აფეთქებასთან ბრძოლაში ჩინეთის თანამშრომლობის უზრუნველყოფა სურდა.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ხელმძღვანელი ჩინეთის ლიდერების საჯარო ქებას მაშინაც აგრძელებდა, როდესაც ჩნდებოდა მტკიცებულებები, რომ ჩინეთის ოფიციალური პირები მამხილებელ ადამიანებს აჩუმებდნენ და ვირუსის აფეთქების შესახებ ინფორმაციას ახშობდნენ.
შეერთებული შტატების ადმინისტრაციის მაღალი თანამდებობის პირმა სააგენტო “როიტერს” უთხრა: “ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ არაერთხელ ვერ შეძლო ეღიარებინა “კოვიდ-19”-ის მზარდი საფრთხე და ვირუსის გავრცელებაში ჩინეთის როლი.” ამ ოფიციალურმა პირმა აღნიშნა, რომ ორგანიზაციისთვის, შეერთებული შტატები ჩინეთზე უფრო დიდი დონორია და ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ქმედებები “საშიში და უპასუხისმგებლო” იყო.
შეერთებული შტატები და სხვა ქვეყნები, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ხელმძღვანელობისგან რამდენიმე თვის განმავლობაში მოითხოვდნენ გაეკეთებინა უფრო მტკიცე განცხადებები გამჭვირვალობის საჭიროებაზე და წევრი სახელმწიფოების მიერ ზუსტი ინფორმაციის დროულ გაცვლაზე, თუმცა დასავლური დიპლომატიური წყაროს თქმით, “ორგანიზაციამ ამ მოთხოვნების შესაბამისად არ იმოქმედა”.
7 აპრილს, პრეზიდენტი ტრამპი დაიმუქრა, რომ ამ ორგანიზაციის დაფინანსებას შეაჩერებდა და მალე მისი გაყინვის შესახებ გამოაცხადა. ადმინისტრაციის ოფიციალურმა პირმა თქვა, რომ ტრამპის მიერ დაფინანსების გაყინვა, სავარაუდოდ ნიშნავს იმას, რომ ვაშინგტონი საწევრო გადასახადის დარჩენილ 65 მილიონ დოლარს და ამის გარდა, დაგეგმილ 300 მილიონ დოლარზე მეტ თანხას, სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებისკენ გადაამისამართებს.
2017 წელს, ტედროსი გახდა პირველი აფრიკელი, რომელიც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ხელმძღვანელად აირჩიეს. ეს უმაღლესი თანამდებობა მან მიიღო იმის მიუხედავად, რომ საარჩევნო რბოლის ბოლო ეტაპზე, მისთვის პოტენციურად ზიანის მომტანი კითხვები წამოტივტივდა იმის შესახებ, ჰქონდა თუ არა რაიმე როლი ადამიანის უფლებების შეზღუდვის საქმეში, ან თუ დამალა ქოლერის აფეთქება ეთიოპიაში. მან ყველა ბრალდება უარყო. ბრალდებები უარყო ეთიოპიამაც, რომლის ჯანდაცვის, შემდგომ კი საგარეო საქმეთა მინისტრის პოსტი ტედროსს ადრე ეკავა.