ტრანზიციის ოცი წელი

უილიამ კორტნი: „საქართველოს საგარეო პოლიტიკა სწორი გზით ვითარდება“
გუშინ ვაშინგტონში მდებარე ატლანტიკურმა საბჭომ უმასპინძლა შეხვედრას თემაზე „კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ტრანზიციის ოცი წელი“. მომხსენებლები იყვნენ საერთაშორისო სავალუტო ფონდის ახლო აღმოსავლეთის და ცენტრალური აზიის საკითხებში დირექტორის მოადგილე ჯუჰა კოკონენი და შეერთებული შტატების ყოფილი ელჩი ყაზახეთსა და შემდეგ საქართველოში უილიამ კორტნი. შეხვედრას უძღვებოდა ატლანტიკური საბჭოს წარმომადგენელი როს ვილსონი.

პირველმა მომხსენებელმა ბატონმა კოკონენმა ფართოდ ისაუბრა კავკასიას და ცენტრალური აზიაში ეკონომიკურ განვითარებაზე და პრობლემებზე. მისი თქმით, ამ რეგიონებში არსებულ ვითარებას და მის მომავალს დიდი მნიშვნელობა ენიჭება მსოფლიოსთვის. კოკონენმა განაცხადა, რომ რეგიონის ქვეყნებს საერთო სამეზობლო ყავთ, გააჩნიათ საერთო ისტორია საბჭოთა კავშირის პერიოდში და შესაბამისად მათი განვითარებაც ერთიმეორეზეა დამოკიდებული. ამდენად, ამ ქვეყნების ვითარება საერთო კონტექსტში უნდა განვიხილოთ.

„პირველ რიგში უნდა აღინიშნოს, რომ რეგიონში ეკონომიკური ზრდა სწრაფად მიმდინარეობს. მსოფლიოში ძალიან ცოტაა ისეთი რეგიონი, სადაც ეკონომიკა ასე სწრაფად იზრდება. არიან ცალკეული ქვეყნები, ჩინეთის და სხვების სახით, სადაც მიდის ეკონომიკური ზრდა, თუმცა რეგიონებზე ეს ნაკლებად აისახება. შესაბამისად, კავკასიის და ცენტრალური აზიის რეგიონში მიმდინარე ეკონომიკური ზრდა ხელს უწყობს სიღარიბის შემცირებას. თუმცა, ზრდის თვალსაზრისით არსებობს ცხადი პრობლემები. კერძოდ, ეს პროცესი არ არის ყოვლისმომცველი, რაც ხელს უწყობს უთანასწორობის გაჩენას. ასევე, ეკონომიკური ზრდის პროცესი არის მყიფე და ცვალებადი,“ - განაცხადა კოკონენმა.

მისი თქმით, აშკარაა რეგიონის ქვეყნების ეკონომიკაში რუსეთის დიდი წილი, რომელიც ასევე სიმყიფით და ცვალებადობით გამოირჩევა. კოკონენმა წარმოადგინა ცხრილი, სადაც ეკონომიკური ზრდის მიხედვით არიან რეგიონის ქვეყნები დალაგებული. პირველ ადგილზე აზერბაიჯანი იმყოფება, შემდეგ მოდიან თურქმენეთი, ყაზახეთი, სომხეთი და საქართველო. საქართველოს ეკონომიკური ზრის მაჩვენებლებით ჩამორჩებიან უზბეკეთი, ყირგიზეთი და ტაჯიკეთი. ასევე მისი თქმით, ამ ქვეყნებში პრობლემად რჩება კორუფცია, რომელიც რეგიონის ყველა ქვეყანაში მაღალია, თუმცა მეტნაკლებად დაბალია სომხეთში. ასევე პრობლემურია ამ ქვეყნების ფისკალური პოლიტიკაში დოლარი ხვედრითი წილის მაღალი მაჩვენებელი. კოკონენმა რეკომენდაციის სახით განაცხადა, რომ რეგიონის ქვეყნებში უნდა მოხდეს ეკონომიკური პოლიტიკის გაუმჯობესება, რაც ხელს შეუწყობს მთლიანი შიდა პროდუქტის გაზრდას.
კოკონენის შემდეგ სიტყვით გამოვიდა შეერთებული შტატების ყოფილი ელჩი ყაზახეთსა და შემდეგ საქართველოში უილიამ კორტნი. მან ძირითადად ყურადღება გაამახვილა იმ პოლიტიკურ პრობლემებზე რომელიც კავკასიის და ცენტრალური აზიის რეგიონებში არსებობს.
მისი თქმით, ძალიან დიდი მიღწევაა, რომ კავკასიის და ცენტრალური აზიის ქვეყნები საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ უკვე 20 წლის განმავლობაში ინარჩუნებენ დამოუკიდებლობას, მიუხედავად კონფლიქტებისა და ტერიტორიული პრობლემებისა. მან აღნიშნა, რომ 20 წლის განმავლობაში აღნიშნულ რეგიონებში არსებობდა რუსეთის ენერგეტიკული მონოპოლია, რაც პოლიტიკური დაშინების ფონზე მიმდინარეობდა. ამჟამად კი, ვითარება შეცვლილია და ენერგოდერეფნები დივერსიფიცირებულია.

„პირველ რიგში აუცილებელია სახელმწიფოების მონაწილეობის შემცირება რეგიონის ეკონომიკებში. ეს შეამცირებს კორუფციის ხვედრით წილს ეკონომიკაში. დასავლეთმა ამას ხელი უნდა შეუწყოს და დაეხმაროს რეგიონის ქვეყნებს ეკონომიკურ რეფორმებში და განსაკუთრებით დიქტატურის ქვეყნებში წაახალისოს ტრანსპარენტული პრივატიზაციის დაწყება. ასევე, დასავლეთმა უნდა შეიმუშაოს თავისუფლების დღის წესრიგი, როგორც კავკასიაში ასევე ცენტრალურ აზიაში. მომდევნო 20 წლის მანძილზე ამ პროცესების ხელშეწყობას უდიდესი მნიშვნელობა ექნება დასავლეთისთვის. ამიტომ აუცილებელია ადამიანის უფლებების და პოლიტიკური თავისუფლების დაცვა რეგიონში,“ - განაცხადა უილიამ კორტნიმ.

შეხვედრაზე მოსაზრება გამოთქვა საქართველოს ყოფილმა ელჩმა შეერთებულ შტატებში თემურ იაკობაშვილმა. მისი თქმით, მომხსენებლების პოზიცია და მოსაზრებები ძალიან საყურადღებოა და მნიშვნელოვანი, თუმცა განსხვავებულია თავად დასავლეთის მიდგომა კავკასიის და ცენტრალური აზიის რეგიონების მიმართ. მისი განცხადებით, ამას ადასტურებს დიდი რვიანის ახლანდელი სამიტი დიდ ბრიტანეთში, სადაც ნათლად გამოჩნდა, რომ დასავლეთის ორ ლიდერს, გერმანიას და შეერთებულ შტატებს აღარ აქვთ ლიდერობის სურვილი. ამდენად, იაკობაშვილის აზრით, თუ ამ ქვეყნებს არ აქვთ ლიდერობის სურვილი, ძნელი იქნება კავკასიის და ცენტრალური აზიის ქვეყნების დარწმუნება, რომ დემოკრატია მათთვის საუკეთესო არჩევანია.

შეხვედრის დასასრულს „ამერიკის ხმა“ საქართველოში შეერთებული შტატების ყოფილ ელჩს ბატონ უილიამ კორტნის ესაუბრა. შეკითხვაზე, თუ როგორ აფასებს საქართველოს ხელისუფლების საგარეო პოლიტიკას, ბატონმა კორტნიმ განაცხადა:

„ვფიქრობ, საგარეო პოლიტიკის ყველაზე მნიშვნელოვანი ასპექტია რუსეთთან ურთიერთობის გაუმჯობესება. ეს ძალიან პოზიტიური განვითარებაა, არა მხოლოდ კონკრეტულად საექსპორტო ბაზრების გახსნისთვის, არამედ რეგიონში დაძაბულობის შემცირების თვალსაზრისითაც. ამავდროულად, ძალიან მნიშვნელოვანია ახალი ხელისუფლების განცხადება, რომ აგრძელებს ევროპულ ორიენტაციას. ამდენად, ვფიქრობ, რომ საქართველოს საგარეო პოლიტიკა სწორი გზით ვითარდება. უფრო მეტად საყურადღებოა, რომ ქვეყნის შიგნით პოლიტიკურმა ძალებმა შეძლონ ერთობლივი მუშაობა, ისე რომ ადგილი არ ქონდეს პოლიტიკურ ანგარიშსწორებას სასამართლო ხელისუფლების საშუალებით.“