ბრიტანეთს კაპიტალიზმმა და სიხარბემ საკუთარი მოსახლეობის ვაქცინაციაში წარმატება მოუტანა. ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ბორის ჯონსონმა პარლამენტის წევრებს დახურულ შეხვედრაზე განუცხადა.
”ვაქცინის წარმატების მიზეზი კაპიტალიზმი და სიხარბეა, ჩემო მეგობრებო”. პრემიერმა ჯონსონმა სწორედ ამ სიტყვებით მიმართა კონსერვატორ დეპუტატებს სამშაბათს, აპლიკაცია "ზუმით" გამართული შეხვედრის დროს. ინფორმაციას გაზეთი "სან" ავრცელებს.
იმავე შეხვედრაზე, ჯონსონმა მოგვიანებით უკან დაიხია და თქვა: ”სინამდვილეში, ვნანობ ამის თქმას” და პარლამენტარებს განმეორებით სთხოვა, ”დაივიწყონ ეს”.
ასევე ნახეთ: აცრა ინჰალაციით - ვაქცინაციის საინტერესო სტრატეგია რუბრიკაში „გალილეო“ამ დროისთვის ბრიტანეთს მსოფლიოში ვაქცინაციის ერთ-ერთი ყველაზე სწრაფი და ინტენსიური სისტემა აქვს. თუმცა, ახლა ქვეყნის ვაქცინაციის პროგრამას, შესაძლოა, საფრთხე შეექმნას.
ევროკავშირი ვაქცინებს უფრო ნელა აწარმოებს და თავადაც პანდემიის მესამე ტალღის საფრთხის წინაშეა. ამასთან, არსებობს მოლოდინი, რომ ოთხშაბათს, ევროკავშირმა შესაძლოა ბრიტანეთს ვაქცინების მიწოდება დაუბლოკოს, რაც ლონდონისთვის ვაქცინების მიწოდებას მნიშვნელოვანი შეფერხებებით ემუქრება.
დაუნინგ სთრითმა უარი თქვა კომენტარი გაეკეთებინა ჯონსონის განცხადებაზე. თუმცა, ტელეკომპანია BBC-ის უცნობმა წყაროებმა მიაწოდეს ინფორმაცია და განუმარტეს პრემიერის განცხადება. მათი თქმით, სიხარბის შესახებ განცხადება მხოლოდ ხუმრობა იყო.