კვირას კალიფორნიაში დაწყებულმა ხანძარმა ამ დროისთვის არსებული მონაცემებით, 17 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა. დამწვარია 1500-ზე მეტი შენობა. ხანძარი ზოგიერთ ტერიტორიაზე იმდენად სწრაფად გავრცელდა, რომ სპეციალურ სამსახურებს მოსახლეობის ევაკუაციაც გაუჭირდათ.
თუმცა გუშინ და დღეს ქარის სიძლიერე შემცირდა და ტემპერატურამაც დაიკლო, რის გამოც ათასობით მეხანძრემ შეძლო პროგრესისთვის მიეღწია შტატის მასშტაბით ხანძრის სხვადასხვა კერის ლოკალიზებაში.
ტყის დაცვისა და ხანძრებთან ბრძოლის სამსახურების წარმომადგენლები ამბობენ, რომ ქარიანი და მშრალი ამინდი შენარჩუნდება და ის კვლავ ქმნის საფრთხეს, თუმცა ამ დრომდე გაკეთებული შეფასებებით დამწვარია 46 500 ჰექტარი ტერიტორია.
დაზარალებულ რეგიონებს შორისაა სან-ფრანცისკოს ჩრდილოეთით მდებარე ნაპასა და სონომას ოლქები, რომლებშიც ათეულობით ღვინის ქარხანაა. ამ რეგიონებში ტურისტები მთელი მსოფლიოდან ჩამოდიან.
სონომას ოლქის შერიფმა რობ ჯორდანომ თქვა, რომ თავდაპირველად 200 ადამიანის გაუჩინარების შესახებ მიიღეს ინფორმაცია, თუმცა ამბობს, რომ მათი ნაწილი უბრალოდ ახლობლებთან დაკავშირებას ვერ ახერხებდა, რადგან ევაკუაცია ძალიან სწრაფად მოხდა, ან თავად ამ ადამიანებმა უბრალოდ ვეღარ მოახერხეს სახლებში დაბრუნება.
შტატის მასშტაბით ათეულობით ათასი ადამიანია ევაკუირებული, რამდენიმე ათასი თავშესაფრებშია განაწილებული.
გუბერნატორმა ჯერი ბრაუნმა 8 ოლქში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა და ფედერალურ მთავრობას სწრაფი რეაგირებისთვის მადლობა გადაუხადა.ამერიკის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა სამშაბათს განაცხადა, რომ ფედერალური მთავრობა ამ ტრაგედიის დროს კალიფორნიის მოსახლეობის გვერდით დადგება და დაეხმარება, როგორც საჭირო იქნება.
კალიფორნიისთვის ხანძარი უცხო არაა, ზაფხულის ბოლოს და ადრეულ შემოდგომაზე, ჩვეულებრივ, შტატში განსაკუთრებით მშრალი და ქარიანი ამინდია, რაც ხშირად მასშტაბური ხანძრების მიზეზი ხდება.