ამერიკელ ეკონომისტთა გამოკითხვის შედეგები

გამოკითხულ ეკონომისტთა სამ მეოთხედს მიაჩნია, რომ ეკონომიკური ზრდის წახალისება უფრო მნიშვნელოვან პრიორიტეტს წარმოადგენს ვიდრე დეფიციტის შემცირება

ამერიკელი ბიზნეს ეკონომისტების გამოკითხვამ ცხადყო, რომ შეერთებულ შტატებში ეკონომიკური გამოცოცხლება მათ შორის აზრთა სხვადასხვაობას იწვევს. ბიზნეს ეკონომისტების ეროვნული ასოციაცია ამერიკის წამყვან ეკონომისტებს აერთიანებს. გამოკითხვის შედეგების თანახმად ეკონომისტებმა ცენტრალური ბანკის ფულადი პოლიტიკა მოიწონეს, მაგრამ მათ აგრეთვე აღნიშნეს, რომ საგადასახადო კანონმდებლობითა და ახალი მარეგულირებელი წესებით გამოწვეული გაურკვევლობა კომპანიებზე გავლენას ახდენს, რის გამოც ისინი ახალ სამუშაო ადგილებს არ ქმნიან.

აგვისტო საბითუმო მოვაჭრეებისთვის საკმაოდ იმედგამაცრუებელი თვე აღმოჩნდა. მაგრამ ჩინეთის, ავსტრალიისა და შეერთებული შტატების დადებითი ეკონომიკური ანგარიშების ფონზე ფასები საფონდო ბირჟებზე მკვეთრად გაიზარდა.

მაგრამ ზოგიერთ მიმომხილველს მიაჩნია, რომ ოპტიმიზმი შეიძლება ნაადრევი იყოს. მრეწველობის სექტორში მოსალოდნელზე უკეთესი მაჩვენებლების მიუხედავად, ამერიკული კომპანიები ახალი თანამშრომლების აყვანას თავს არიდებენ.

წამყვანი ეკონომიკური კვლევითი ჯგუფის გამოკითხვამ ცხადყო, რომ ამერიკული კომპანიების შეშფოთება ძირითადად ახალი ფინანსური კანონმდებლობითა და ჯანდაცვის სისტემის რეფორმით არის განპირობებული.

ბიზნეს ეკონომისტების ეროვნული ასოციაციის სამეთვალყურეო საბჭოს წევრი ეკონომისტი დაგ დანკანი აღნიშნავს:

„ამ ფაქტორების გამო კომპანიებს შორის შეინიშნება გარკვეული გაურკვევლობა, რაც უშუალოდ ახალი თანამშრომლების აყვანასთან დაკავშირებულ დანახარჯებს უკავშირდება. კომპანიებს აღელვებთ ის, რომ ახალი თანამშრომლების აყვანასთან დაკავშირებული წესები შეიცვლება. ამდენად, თუ თქვენ სამუშაო ადგილების ზრდა გსურთ, მაშინ საჭიროა ახსნა-განმარტების ჩატარება რათა კომპანიებმა იცოდნენ ის თუ როგორ მიიღებენ ისინი მოგებას როცა ახალ თანამშრომლებს აიყვანენ.“

აღსანიშნავია, რომ გამოკითხვაში 242 ეკონომისტი მონაწილეობდა. მათ შორის სამმა მეოთხედმა აღნიშნა, რომ ეკონომიკური ზრდის წახალისება უფრო მნიშვნელოვან პრიორიტეტს წარმოადგენს ვიდრე დეფიციტის შემცირება.

გამოკითხულთა სამ მეოთხედს აგრეთვე მიაჩნია, რომ ახალი მასტიმულირებელი პაკეტის შემუშავება არ არის საჭირო. ამას გარდა, გამოკითხულ ეკონომისტთა ნახევარზე მეტი აღნიშნავს, რომ მთავრობამ მდიდრების გადასახადები არ უნდა გაზარდოს.

ამასთან დაკავშირებით ეკონომისტმა მაქს ფრაად ვულფმა აღნიშნა:

„თუ რეცესიიდან გამოსვლა უფრო გადარდებთ ვიდრე მთავრობის ანგარიშების დაბალანსება, მაშინ თქვენ დივიდენდებზე გადასახადების გაზრდის წინააღმდეგი იქნებით. ამდენად მაღალი შემოსავლის მქონე პირების გადასახადების მომატება არ იქნება მიზანშეწონილი რადგან გადასახადების გაზრდა ეკონომიკურ საქმიანობას ამცირებს.“

მართალია ეკონომისტებმა ცენტრალური ბანკი შეაქეს, მათ შორის აშკარა აზრთა სხვადასხვაობა შეინიშნება იმასთან დაკავშირებით თუ რამდენ ხანს უნდა შეინარჩუნოს მან საპროცენტო განაკვეთი დაბალ დონეზე.

მიმდინარე წლის მეორე კვარტალში შეერთებული შტატების ეკონომიკური ზრდა 1.6 პროცენტამდე შენელდა. გერმანელი ფასიანი ქაღალდებით მოვაჭრე ოლივერ როთი აღნიშნავს, რომ ინვესტორებს ძალიან აღელვებს ის, რომ მსოფლიოს ყველაზე დიდი ეკონომიკა კიდევ ერთხელ რეცესიაში აღმოჩნდება.

„ამჟამად ყველაფერი თითქოს ნორმალურად გამოიყურება, მაგრამ ადრე თუ გვიან ამერიკის ეკონომიკას პრობლემები გაუჩნდება რადგან ამერიკელები მსოფლიო ეკონომიკის მთავარ მამოძრავებელ ძალას შეადგენენ,“ დასძინა როთმა.

ეკონომიკური თვალსაზრისით ხვალინდელი დღე მნიშვნელოვანი იქნება რადგან შეერთებული შტატების დასაქმების დეპარტამენტი ყოველთვიურ დასაქმების ანგარიშს გამოაქვეყნებს. წინასწარი მონაცემების მიხედვით, შეერთებულ შტატებში უმუშევართა რიცხვი ოდნავ გაიზარდა და აგვისტოში 9.6 პროცენტს შეადგენდა.