ბულგარეთის პრემიერ-მინისტრის ბოიკო ბორისოვის ცენტრისტული მემარჯვენე „გერბ“-ის პარტია წარმატებას აღწევს 4 აპრილის არჩევნებში, თუმცა პარტიას შესაძლოა მთავრობის ჩამოყალიბება გაუჭირდეს.
ხმების 72 პროცენტის დათვლის შედეგად, პარტია „მოქალაქეები ბულგარეთის ევროპული განვითარებისთვის“ ხმების 25.8 პროცენტით ლიდერობს. ახალი, პოლიტიკური კლასის წინააღმდეგობით გამორჩეული „არსებობს ასეთი ხალხი“ პარტია მეორე ადგილზეა, ხმების 18.2 პროცენტით. შემდეგ კი სოციალისტური პარტიაა 15 პროცენტით. მათ „დემოკრატიული ბულგარეთის“ პარტია მოსდევს 10 პროცენტით და შემდეგ ცენტრისტული-მემარცხენე ალიანსი „ადექი, გადი" 5 პროცენტით. ეს ორი პარტია გასულ წელს ანტი-კორუციული პროტესტის ავანგარდში იყო, რომელიც ბორისოვის შეცვლას ითხოვდა. ხოლო ეთნიკური თურქების მიერ მხარდაჭერილმა „უფლებების და თავისუფლებების მოძრაობამ“ ხმების 9 პროცენტი მიიღო.
ასევე ნახეთ: ბულგარეთში ანტისამთავრობო პროტესტი გრძელდებარადიკალმა მემარჯვენე ბულგარეთის ეროვნულმა მოძრაობამ, მმართველი პარტიის კოალიციის პარტნიორმა ხმების მხოლოდ 4 პროცენტის მოპოვება მოახერხა.
მმართველი პარტია 240 ადგილიდან პარლამენტში 70-ს მოიპოვებს. ბორისოვს ექნება მანდატი მისი მეოთხე ვადისთვის მთავრობა დააკომპლექტოს. თუმცა, ახალი მთავრობის ჩამოსაყალიბებლად მას 121 ადგილი სჭირდება.
მიმომხილველები ამბობენ, რომ მას შესაძლოა გაუჭირდეს მოკავშირეების პოვნა კოალიციის შესაქმნელად. სხვა პარტიების დიდმა ნაწილმა უკვე უარი განაცხადა მმართველ პარტიასთან თანამშრომლობაზე. ექსპერტები არ გამორიცხავენ განმეორებით არჩევნების შესაძლებლობას.
მმართველი პარტიის წევრები უკანასკნელ პერიოდში რამდენიმე კორუფციულ სკანდალში გაეხვნენ, რასაც ქვეყანაში ფართომასშტაბიანი საპროტესტო გამოსვლები მოჰყვა. ათასობით ადამიანი გამოვიდა ქუჩაში გასულ ზაფხულს რათა გაეპროტესტებინათ კორუფცია და სასამართლო სისტემის გამოყენება პოლიტიკური ოპონენტების წინააღმდეგ.
„საერთაშორისო გამჭვირვალობის“ კორუფციის აღქმის ინდექსის მიხედვით, ბულგარეთი ევროკავშირის ქვეყნებიდან ყველას ჩამორჩება.