თორნიკე გორდაძე ბრიუსელში ვიზიტით ჩავიდა

რიგაში გამართულ კონფერენციაზე ალექსანდერ ვერშბოუმ ხაზი გაუსვა ალიანსის მზადყოფნას მჭიდროდ ითანამშრომლოს ასპირანტ ქვეყნებთან
17-18 სექტემბერს, ბრუსელში, საქმიანი ვიზიტით თორნიკე გორდაძე იმყოფებოდა. ეს მისი პირველი ვიზიტია ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის ამპლუაში.

ვიზიტის ფარგლებში მინისტრი შეხვდა ნატოს გენერალური მდივნის მოადგილეს, ალექსანდრ ვერშბოუს და ნატოს გენერალური მდივნის სპეციალურ წარმომადგენელს კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში, ჯეიმს აპატურაის.

შეგახსენებთ,რომ გორდაძის ბრუსელში ვიზიტს წინ უსწრებდა ნატოს გენერალური მდივნის, ანდერს ფოგ რასმუსენის საკმაოდ შედეგიანი ვიზიტი საქართველოში, სადაც მან კიდევ ერთხელ დააფიქსირა ნატოს მხარდაჭერა საქართველოში მიმდინარე რეფორმების მიმართ და აღნიშნა, რომ ალიანსი საქართველოს მომავალი სახლია.

ორი დღის წინ კი, რიგაში გამართულ კონფერენციაზე, ნატოს ღია კარის პოლიტიკაზე საუბრისას ალექსანდერ ვერშბოუმ ხაზი გაუსვა ალიანსის მზადყოფნას, მჭიდროდ ითანამშრომლოს ასპირანტ ქვეყნებთან და თვალყური ადევნოს მათ პროგრესს, რომელიც ამ ქვეყნებს ნატოს სტანდარტებთან დააახლოვებს. სწორედ ამ მიზანს ემსახურებოდა ვერშბოუს ვიზიტი ოთხივე ასპირანტ ქვეყანაში.

ბრუსელში გამართული შეხვედრის დეტალებზე საუბრისას თორნიკე გორდაძემ აღნიშნა, რომ საუბარი, ძირითადად, ჩიკაგოს სამიტის შემდგომ დინამიკას შეეხო. განიხილეს აისაფის ოპერაციაც. შეხვედრისას ვერშბოუმ კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ საქართველო ალიანსის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული პარტნიორი და რეალური კანდიდატია.

შეკითხვაზე - თუ რა გზავნილები აქვს ვერშბოუს 4 ასპირანტი ქვეყნებისადმი, გორდაძემ განაცხადა, რომ ძირითადი გზავნილი დაწყებული რეფორმების გაგრძელება და ალიანსთან თანამშრომლობაა.

თორნიკე გორდაძემ შეხვედრები გამართა ევროპისა და ცენტრალური აზიის აღმასრულებელ დირექტორთან, გუნარ ვიგანდთან და ასევე, ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტის კაბინეტის ევროკომისრის, შტეფან ფულეს კაბინეტისა და უმაღლესი წარმომადგენლის, ქეთრინ ეშტონის კაბინეტის წევრებთან. შეხვედრებზე განხილული იქნა თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულება. მხარეებმა, ასევე, ისაუბრეს სავიზო დიალოგის შემდგომ ეტაპებზე. საუბარი შეეხო ოკუპირებულ ტერიტორიებსაც.

თორნიკე გორდაძის განცხადებით, საუბრის დიდი დრო არჩევნებს დაეთმო. ევროკომისრები იმედს გამოთქვამენ, რომ მალე საქართველოში თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების მომსწრეები გახდებიან.