ნატოს ბრიუსელის სამიტის დეკლარაციაში ნათქვამია, რომ ალიანსის წევრები აღიარებენ „რეფორმების კუთხით იმ მნიშვნელოვან პროგრესს, რომელსაც საქართველომ მიაღწია და კვლავ უნდა განაგრძოს ეს პროცესი, რაც ეხმარება საქართველოს წევრობისთვის მომზადების გზაზე და აძლიერებს საქართველოს თავდაცვისა და ალიანსთან თავსებადობის შესაძლებლობებს“.
ერთობლივ კომუნიკეში საქართველო 18-ჯერაა ნახსენები. 79-პუნქტიან დეკლარაციაში ვკითხულობთ, რომ ნატო აგრძელებს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერას და ის აუცილებლად გახდება ნატოს წევრი. ალიანსი კიდევ ერთხელ მოუწოდებს რუსეთს, გამოიყვანოს საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვის ტერიტორიებიდან სამხედრო ძალები, რომლებიც იქ ამ ქვეყნების თანხმობის გარეშე იმყოფებიან.
დეკლარაციის თანახმად, ალიანსი მტკიცედ გმობს რუსეთის მიერ ყირიმის ანექსიას და ადასტურებს, რომ არ აღიარებს და არც მომავალში აპირებს აღიაროს ის, ისევე, როგორც ყირიმელი თათრებისა და სხვა ადგილობრივი თემების დისკრიმინაცია. ნატო მოუწოდებს რუსეთს დაუშვას საერთაშორისო მონიტორინგის სტრუქტურები კონფლიქტის ზონებში და მისცეს მათ ადამიანის უფლებათა მდგომარეობის შეფასების საშუალება. აქვე ალიანსი კიდევ ერთხელ მოუწოდებს ყველა მხარეს, შეასრულოს მინსკის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები.
ნატოს წევრი ქვეყნები ასევე ადასტურებენ იმ ძალისხმევის მხარდაჭერას, რომელიც რუსეთის ქმედებების საპასუხოდ ევროკავშირისა და დიდი შვიდიანის ქვეყნების მიერ დაწესებული სანქციებით გამოიხატება.
"ჩვენ მოვუწოდებთ რუსეთს უკან წაიღოს საქართველოს ტერიტორიების - აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის რეგიონების დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარება. შეასრულოს 2008 წლის 12 აგვისტოს ევროკავშირის შუამავლობით მიღებული შეთანხმება ცეცხლის შეწყვეტის შესახებ და შეწყვიტოს ამ რეგიონების მილიტარიზაცია ისევე, როგორც საზღვრების მსგავსი ბარიერების შექმნა", - ვკითხულობთ კომუნიკეში.
დეკლარაციაში ასევე ხაზგასმულია ის, რომ ნატოს წევრი ქვეყნები ერთგულნი რჩებიან 2008 წლის ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილებისა, რომლის თანახმადაც საქართველო გახდება ნატოს წევრი, თუმცა MAP-ი არის ამ პროცესის განუყოფელი ნაწილი.
"კიდევ ერთხელ ვადასტურებთ ამ გადაწყვეტილების ყველა ელემენტს ისევე, როგორც მის შემდგომ, თანმდევ გადაწყვეიტლებებს. ჩვენ მივესალმებით მნიშვნელოვან პროგრესს, რომელიც იყო მიღწეული 2008 წლის შემდეგ. მნიშვნელოვანი პროგრესი, რომელსაც საქართველომ მიაღწია რეფორმების გატარების კუთხით უნდა გაგრძელდეს. ეს რეფორმები ეხმარება საქართველოს როგორც ასპირანტ ქვეყანას, ჰქონდეს პროგრესი წევრობისთვის მოსამზადებელ გზაზე, აძლიერებს ქვეყნის თავდაცვისა და ალიანსთან თანამშრომლობის შესაძლებლობებს", - ვკითხულობთ კომუნიკეს ტექსტში.
აქვე აღნიშნულია, რომ საქართველოს აქვს ყველა პრაქტიკული ინსტრუმენტი იმისთვის, რომ მოემზადოს საბოლოო მიზნის მისაღწევად - ნატოს წევრობისთვის. ხაზგასმულია საქართველოს წვლილი ნატოს მისიებში და ევოკავშირის მიერ წარმოებულ ოპერაციებში და ზოგადად მისი წვლილი ევრო-ატლანტიკურ უსაფრთხოებაში.
წელს 29 წევრი ქვეყნის ლიდერთან ერთად საბჭოს მუშაობაში საქართველოს პრეზიდენტიც ჩაერთო. გიორგი მარგველაშვილმა ბრიუსელში ნატოს სამიტის ფარგლებში გამართული შეხვედრების შემდეგ მედიასთან საუბრისას აღნიშნა, რომ სამიტის ფარგლებში მიღებული დეკლარაცია არის პრაქტიკულად „სამოქმედო გეგმა ამ არსებული წერტილიდან ნატოში გაწევრიანებამდე“ და განმარტა დეკლარაციის უმნიშვნელოვანესი ასპექტები:
„პირველი ეს არის ის, რომ ნატოს წევრი ყველა ქვეყნის მიერ აღიარებულია, რომ რუსეთი აგრესორია, რომელმაც მოახდინა საქართველოს ორი რეგიონის ოკუპაცია. დეკლარაციაში მითითებულია, რომ რუსეთმა უნდა გაიყვანოს ჯარები საქართველოდან. ამ რეალობის აღიარების პარალელურად, ნათლადაა განსაზღვრული, რომ საქართველო გახდება ნატოს წვერი და მესამე მომენტი: სანამ საქართველო გახდება ალიანსის წევრი, ნატოში შემავალი ქვეყნები საქართველოსთვის მხარდაჭერის, და საქართველოს თავდაცვისუნარიანობის გაღრმავების პროცესზე თანხმდებიან”, - თქვა პრეზიდენტმა და დასძინა, რომ იგივე სულისკვეთება დადასტურდა ორმხრივ შეხვედრებშიც, სადაც კონკრეტულად იყო საუბარი იმაზე, თუ რა ფორმით და რა ინტენსივობით გაიზრდება ნატოს მხარდაჭერა საქართველოს თავდაცვისუნარიანობის გაღრმავების მიმართულებით და რა ფორმით იქნებიან ჩართული სხვადასხვა ქვეყნები ამ საქმეში.
„საქართველოს გააჩნია ყველა მექანიზმი იმისთვის, რომ მოემზადოს და იყოს იმ სტანდარტებზე, რომელიც ნატოს წევრობას გულისხმობს. საქართველო ხაზგასმით აღიარებულია, როგორც ლიდერი ქვეყანა ასპირანტ ქვეყნებს შორის. ანუ რა არის დარჩენილი? დარჩენილია MAP-ის, სამქომედო გეგმის პოლიტიკური შემადგენელი.
ეს პოლიტიკური შემადგენელი უფრო მეტად ნატოს წვერი ქვეყნების მზაობაზეა დამოკიდებული, ვიდრე იმ საშინაო დავალებებზე, რომელიც ჩვენ გვაქვს შესასრულებელი და რომელშიც ჩვენ ვართ აღიარებული როგორც ლიდერი", - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა პრესკონფერენციაზე, რომელიც ნატოს ახალ სათაო ოფისში გაიმართა.